„მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა“ თვითმმართველობებში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად რეკომენდაციები შეიმუშავა

1062

„მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა“ დღეს კვლევის – „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში – მონიტორინგი და რეკომენდაციები“ – შედეგები საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს გააცნო.

კვლევა მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკავშირებული მუნიციპალური აქტების, არსებული პრაქტიკის ანალიზსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს.

როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, კოკა კიღურაძემ განაცხადა, მოქალაქეთა მონაწილეობის მხრივ მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, რომელიც, ერთი მხრივ, კანონში არსებული ხარვეზებიდან, მეორე მხრივ კი, მისი ფორმალური აღსრულებიდან მომდინარეობს.

კიღურაძის თქმით, პრობლემები გამოვლინდა დასახლების საერთო კრებების ორგანიზებასა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მაგალითად: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არის იდენტიფიცირებული დასახლებები და შესაბამისი საერთო კრებები. არ არის განსაზღვრული საერთო კრების მოწვევის წესი იმ დასახლებებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2000-ს აღემატება, არ არის გამიჯნული გამგებლის/მერის და სერთო კრების ინიციატორის ვალდებულებები, ისევე, როგორც რეგლამენტირებული არაა დაინტერესებულ პირთა დასწრება საერთო კრების სხდომაზე და სხვა.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ თავად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ კრებების პოპულარიზაცია მოახდინონ და საზოგადოებას გაუჩინონ ინტერესი ჩართულობის ამ ფორმის მიმართ.

„მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა“ ხარვეზები დააფიქსირა, ასევე, პეტიციის წარდგენისა და ამ წესით წარსადგენ საკითხთა ჩამონათვალთან დაკავშირებით. ორგანიზაცია თვლის, რომ პეტიციის ეფექტურობის გასაზრდელად საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაა აუცილებელი, თუმცა, აქვე აღნიშნავენ, რომ თავად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პეტიციის განხილვისა გადაწყვეტილების მიღების დროს საკრებულოს რეგლამენტის ნორმებს არ იცავენ.

რაც შეეხება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხშირ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებში არსებული საბჭოები ფიქტიური და უფუნქციოა, მას გამგებელი/მერი საკუთარი შეხედულებისამებრ აკომპლექტებს, ხოლო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამგებლისთვის/მერისთვის მიწოდება და მათზე რეაგირების პროცედურა გაწერილი არ არის, ისევე, როგორც არაა გათვალისწინებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დაინტერესებულ პირთა დასწრება.

პრობლემებია, ასევე, მერის/გამგებლის მიერ ყოველწლიური საჯარო ანგარიშის წარდგენის პროცედურაშიც. კერძოდ, არ არსებობს კანონქვემდებარე აქტი, რომელიც განსაზღვრავს მერის/გამგებლის მიერ საჯარო ანგარიშის მოსმენის წესსა და წარდგენის ფორმას. აგრეთვე, არ არის განსაზღვრული საჯარო ანგარიშის წარდგენაზე დაინტერესებულ პირთა დასწრებისა და მათ მიერ აზრის გამოთქმის წესი. კვლევიდან ირკვევა, რომ ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო ანგარიშს მოსახლეობას არ წარუდგენენ, აგრეთვე, მუნიციპალიტეტების უმრავლესობას ანგარიშები არ გამოუქვეყნებია.

ხარვეზები გამოვლინდა, აგრეთვე, საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მხრივაც. კერძოდ, კანონქვემდებარე აქტით არ არის განსაზღვრული დაინტერესებული პირის უფლებები საკრებულოს წევრთან ურთიერთობის პროცესში და არ არის განსაზღვრული საკრებულოს წევრის მიერ მოქალაქის ინიციატივაზე რეაგირების წესი; აგრეთვე, საკრებულიოს სხდომაზე დასასწრებად აუცილებელია, პირმა წინასწარ გაიაროს რეგისტრაცია, ხოლო მის მიერ გამოთქმული ინიციატივებზე რეაგირებისთვის არ არსებობს შესაბამისი მექანიზმი.

კვლევაში, ასევე, წერია, რომ ხშირ შემთხვევაში, წინასწარ არ ქვეყნდება ან არასრულად ქვეყნდება საკრებულოს სხდომის ჩატარებისა და განსახილველ საკითხთა შესახებ ინფორმაცია. თავად საკრებულოს წევრები კი მოქალაქეთა მიღებას ხარვეზებით ახორციელებენ.

კვლევის ავტორებმა პრობლემები გამოავლინეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხითაც. საკვლევ მუნიციპალიტეტეტებში ამ დრომდე არ არის განსაზღვრული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის წესი; არ არის გამიჯნული ინფორმაციის გამოქვეყნება/გაცემასა და მის შეგროვებაზე პასუხისმგებელ პირთა ფუნქციები, არ არსებობს ან ძალიან ზოგადია პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა. გარდა ამისა, ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, არ ხდება მუნიციპალიტეტების ვებგვერდებზე არასრულადაა გამოქვეყნებული სავალდებულო ინფორმაცია, ამასთან, ინფორმაციის განახლება, უმეტეს შემთხვევაში, ან არასრულად, ან საერთოდ არ ხდება.

„მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა“ კვლევა 15 საპილოტე მუნიციპალიტეტში (მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, თიანეთი, თეთრიწყარო, დუშეთი, გორი, ქალაქი გორი, მცხეთა, საგარეჯო, ლაგოდეხი, ქალაქი ბათუმი, ქალაქი ქუთაისი, ქალაქი რუსთავი, ქალაქი თელავი), ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა.

კვლევის შედეგად, ორგანიზაციამ მოამზადა რეკომენდაციები, რომელიც კანონმდებლობაში უნდა შევიდეს. კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ამ ცვლილებების კანონმდებლობაში ასახვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოქალაქეთა მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობაში.

იხილეთ ანგარიშის პრეზენტაცია 

იხილეთ ანგარიში სრულად