ბოლნისში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა შესაძლოა მიწის გადასახადისგან გათავისუფლდეს

667

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, შესაძლოა მიწის გადასახადისგან გათავისუფლდეს. ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა სოფელ დისველის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, გამგეობაში არსებული კომისია სწავლობს. კომისიის დასკვნის საფუძველზე, საკრებულო მიიღებს დადგენილებას და დოკუმენტაციას დასკვნასთან ერთად, შემოსავლების სამსახურში გადააგზავნის. შემოსავლების სამსახურიდან დადებითი პასუხის შემთხვევაში კი გლეხი, რომელსაც სეტყვის შედეგად მოსავლის 80 %-ზე გაუნადგურდა, მიწის გადასახადისგან გათავისუფლდება.

10 ივნისს, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად სოფელ დისველში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზიანდა. სტიქიამ, რომელიც დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა, 1500 ჰექტრამდე მარცვლეული კულტურები, 12 ჰექტარი ვენახი, ხეხილი და კაკლის ნარგავები გაანადგურა, ასევე დაზიანდა სოფელ დისველის მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები.

წყარო: ინტერპრესნიუსი