სოფელ საჩინოს მცხოვრებლებმა წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს

1148

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს მცხოვრებლებმა ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. ისინი სოფელში ცენტრალური გზის შეკეთებას ითხოვენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

მოსახლეობამ იგივე მოთხოვნით საპროტესტო აქცია გასულ კვირაშიც გამართა. მაშინ ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ საჩინო ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა, რომლებსაც ხშირად უწევთ ამორტიზებული გზით სარგებლობა. აქციის მონაწილეების თქმით, დიდი ხანია ჰპირდებიან გზის რეკონსტრუქციას. ამ მოთხოვნით ადგილობრივ გამგეობასაც არაერთხელ მიმართეს, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ პრობლემის მოგვარება პროექტით გათვალისწინებული არ არის.

მაშინ აქციის მონაწილეებს წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია შეხვდა. მისი მტკიცებით, გზების შეკეთების დაგვიანება ტენდერთან დაკავშირებულმა პრობლემამ გამოიწვია. განმარტა, რომ 2016 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რისთვისაც ის დაჯარიმდა, ტენდერი კი ხელახლა გამოცხადდა.

„ტენდერის დასრულების შემდეგ შემუშავდა პროექტები, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტროს წარედგინა. აქ ამ დრომდე მისი დეტალურად დამუშავება მიმდინარეობს“, – განმარტა გამგებელმა.

ბესიკ ფარცვანიას თქმით, დაახლოებით ერთ თვეში ელოდებიან სამინისტროსგან პროექტებს, რომლის მიხედვითაც მოხდება სამუშაოების დაწყება.

წყარო: ლაივპრესი