ელექტრომობილების მფლობელებისთვის ვებგვერდი ამოქმედდა

2784

თბილისის მერიამ ელექტროავტომობილების მფლობელებისთვის ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge შექმნა, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ ვებგვერდის საშუალებით ელექტრომობილების მფლობელებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შეეძლებათ, თბილისის მერიას სასურველ მისამართზე ელექტროდამტენების დამონტაჟება სთხოვონ.

“პროექტის მიზანია თბილისში ჰაერის დაბინძურების დონისა და მავნე აირების შესამცირებლად წაახალისოს ტრანსპორტის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა ელექტრომობილების მოხმარება. ამით ხელი შეუწყოს ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. შეუქმნას ელექტრომობილების მფლობელებს მანქანის დასატენად მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტული გარემო.

რაც შეეხება რეგისტრაციას, რეგისტრაცია შესაძლებელია სარეგისტრაციო ველებში მომხმარებლის პირადი მონაცემების შეყვანით, SMS ვერიფიკაციითა და ელექტრონული პირადობის მოწმობით იდენტიფიკაციის მეშვეობით.

სისტემაში რეგისტრაციისთვის აუცილებელია ID ბარათის წამკითხველი. წამკითხველის გამართული ფუნქციონირებისათვის, მომხმარებლის კომპიუტერზე აუცილებელია დაინსტალირდეს “პირადობის ელექტრონული მოწმობის შუალედური პროგრამა (მიდლვეარი) Georgian ID Card” https://id.ge/download/#id-card- middleware

გარდა ამისა, საიტის მეშვეობით, შესაძლებელია, ელექტროდამტენის მოთხოვნა. კერძოდ, საიტზე დარეგისტრირებული მანქანის მფლობელი შეძლებს რუკაზე მონიშნოს სასურველი მისამართი. მოითხოვოს ელექტრომობილის დამტენი მოწყობილობის დამონტაჟება წინასწარ განსაზღვრულ საპარკინგო ტერიტორიაზე. ელექტრომობილის მომხმარებელს შეუძლია ერთ აღნიშნულ ქუჩაზე, მხოლოდ ერთი განაცხადის გაკეთება. შემოსული მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია შეარჩევს ელექტროდამტენი მოწყობილობის მოთხოვნად ადგილებს და მათ უსასყიდლოდ დაამონტაჟებს”, – განმარტავენ თბილისის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილების მფლობელებისთვის სპეციალური ვებგვერდი ამოქმედების შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ 30 იანვარს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.