გორის 13 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის გათბობის სისტემის მონიტორინგისას ხარვეზი დაფიქსირდა

1256

წინა სტატია

გორის 13 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის გათბობის სისტემის მონიტორინგისას ხარვეზი დაფიქსირდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

შიდა ქართლის საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სამედიცინო თუ სხვა საჯარო დაწესებულებებში ბუნებრივი აირის მოწყობილობების შემოწმება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გასულ კვირას მიიღო.

გიორგი ხოჯევანიშვილი კომპანია “სოკარ ჯორჯიას” წარმომადგენლებს შეხვდა და ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების ნორმების დასაცავად და შესაძლო რისკების შესამცირებლად, პირველ რიგში, საბავშვო ბაღების, სკოლების, სამედიცინო, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებში განთავსებული გამათბობლების შემოწმება დაიგეგმა.

“ბუნებრივი აირის უსაფრთხო გამოყენება, დღესდღეობით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ნათლად დაგვანახვა ბოლო პერიოდში მომხდარმა უბედურმა შემთხვევებმაც. ვინაიდან, ჩვენთვის, მოსახლეობის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, ვფიქრობთ, პრევენციული ზომები, რომელთა მიღებასაც ვაპირებთ, მსგავს ფაქტებს თავიდან აგვარიდებს”, -განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მიმდინარე პროფილაქტიკური შემოწმებების პროცესში, გორში, 13 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის სისტემაში ხარვეზები დაფიქსირდა. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის ლია კოვზიშვილის განცხადებით, ჩატარებული შემოწმებების შედეგად გარკვეული რეკომენდაციები მიიღეს და ვინაიდან შაბათი და კვირა დასვენების დღეები იყო, ზოგიერთ ბაღში სამუშაოები ამ ორი დღის განმავლობაში ჩაატარეს, ხოლო. იმ ბაღებში კი, სადაც შესასრულებელი სამუშაოებისთვის შაბათი-კვირა საკმარისი არ აღმოჩნდა, სპეციალისტების მეთვალყურეობით განახლდა სააღმზრდელო პროცესი და პარალელურად დასრულდება სამუშაოები. შემოწმება გაგრძელდება მუნიციპალიტეტის სხვა ბაღებშიც.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ვირუსული ინფექციების გამო, 15 თებერვლის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თავისუფალი დასწრების გრაფიკი მოქმედებს.