თელავის საკრებულომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

157

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

საკრებულოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პოზიციაზე თანამშრომლის შესარჩევად გამარტივებული კონკურსი ჩატარდება, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას მოიცავს. მათივე ინფორმაციით, კონკურსანტებს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით 1 წლის სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეთ.

“საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პიარის სპეციალისტის ფუნქციები იქნება საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა; საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრების, მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ფოტო და ვიდეო მასალის მომზადება; მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდისა და ფეისბუქის გვერდის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. აღნიშნულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 1 000 ლარია”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე მიმდინარე წლის 17 თებერვლამდე შეეძლებათ.

კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარე მიიღებს.