სიღნაღის სოფელ ანაგაში დანაგვიანებული ხევის გასუფთავებას ითხოვენ

834

საქართველოში თითქმის არ დარჩენილა ხევი და ხეობა, რომელიც საყოფაცხოვრები ნარჩენებით არ იყოს დანაგვიანებული.ამ მხრივ გამონაკლისი არც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაგაა, სადაც ხევი ფაქტობრივად არალეგალურ ნაგავსაყრელად იქცა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

წლებია, რაც სოფელში ამ მხრივ მდგომარეობა უცვლელია. მოსახლეობა დანაგვიანებული ხევის გასუფთავებას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში მწვვადება, რადგან მღრღნელები და ქვეწარმავლები მრავლდებიან და სახლებში შედიან. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

“ძალიან დიდი პრობლემაა ანაგის ხევის დანაგვიანება. ზაფხულში სუნი გვაწუხებს და ქვეწარმავლები მრავლდებიან, სახლშიც კი შემოდიან, შიშით ფანჯრებს და კარებებს ვერ ვაღებთ. გარდა ამისა, საშინელი სუნია. ვთხოვთ ვისაც შეუძლია დაგვეხმაროს, რომ ხევის კალაპოტი ნაგვისგან გაწმინდონ’’, – ამბობს ანაგაში მცხოვრებმი ლეილა ხაჩიძე.

ასევე, სოელში ურნების სიმცირეზეც საუბრობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში საკმარისი რაოდენობის ურნების არარსებობის გამო მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნაჩენებს პირდაპირ ხევში ყრის.

“ეს ხევი სოფელს ორ ნაწილად ყოფს, ნაპირებზე სახლებია და ორ უბანს შორის დამაკავშირებელი გზებია. ნაგავს მიაქვს ყველაფერი, ხევი კი არა ნაგავსაყრელია. იმის გამო, რომ მხოლოდ 3-4 ნაგვის ურნა დგას ცენტრალურ გზაზე და ისიც მთლიანად სავსეა, ყველა ვერ ახერხებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩაყრას. მოსახლეობა ამის გამო ხევში ყრის ნაგავს იმ იმედით, რომ დიდი წყალი მოვა და წაიღებს ნაგავს. ხელისუფლებას ამ საკითხით დაინტერესებას ვთხოვთ, თუმცა უშედეგოდ’’, – აცხადებენ ადგილობრივები.

ორი წლის წინ სიღნაღის მუნიციპალიტეტმა გრძელვადიანი სესხი აიღო და 2 ნაგავმზიდი თვითმცლელი ავტომობილი იყიდა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან“, დაახლოებით, 150 ათას ევრო ისესხა, რომლითაც შეიძინა ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები. ახალ ნაგავმზიდებსა და კონტეინერებს, რომლებიც ქალაქთან ერთად სოფლებშიც განთავსდა, ნარჩენების გატანის პრობლემა უნდა მოეგვარებინა, თუმცა ფაქტია, რომ ამ მხრივ სოფელ ანაგაში მდგომარეობა უცვლელია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცემერი აცხადებს, რომ ბოლო სამი წელია სოფლებში ნაგვის ურნების განთავსება აქტიურად მიმდინარეობს. მადონა ბატიაშვილის პრობლემას მოსახლეობას უკავშირებს და ამბობს, რომ ნაგვის ურნების საკმარისი რაოდენობის მიუხედავად მოქალაქეები წლებია, რაც საყოფაცხორებო ნარჩენებს ხევში ყრიან. ვიცემერი პრობლემის მასშტაბურობაზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მის მოსაგვარებლად დრო და სოლიდური ფინანსური სახსრებია საჭირო, თუმცა ამ ეტაპზე ადგილობრივ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის.

“ანაგის ხევში მოსახლეობა თვითონ ყრის ნაგავს და დანაგვიანებული ხევის გაწმენდა არც თუ ისე ადვილია. გარდა ამისა ადგილობრივ თვითმმართველობას იმის სახსრები არ აქვს, რომ ერთ დღეში მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა.

ყოველწელს ვყიდულობთ ნაგვის ურნებს, გასულ წელს 500 ურნა ვიყიდეთ და სოფლებში განვათავსეთ, მაგრამ ის პრობლემა, რაზეც მოსახლეობა საუბრობს, მხოლოდ ნაგვის ურნების დადგმით ვერ შემოიფარგლება, თუ თვითონ არ გაუფრთხილდებიან გარემოს. ანაგის ხევში იმდენი ნაგავია უკვე დაგროვილი, რომ ალბათ წლები დაჭირდება გასუფთავებას. ჩვენ გასულ წელს გვქონდა საინფორმაციო აქციებიც, რომ სპონტანური ნაგავსაყრელები მოგვესპო, თუმცა უშედეგოდ’’,- აღნიშნავს მადონა ბატიაშვილი.