კახეთში 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

556

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაერთიანებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 2019 წელს კახეთის რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაო შეხვედრას კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, სამშენებლო, საპროექტო კომპანიებისა და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“გაერთიანებული სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამშენებლო, საპროექტო კომპანიებისა და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლების მეტი ინფორმირებულობა. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში კომპანიების წარმომადგენლების კოორდინირებულ მუშაობასა და ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურ განხორციელებას”, – ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.