თბილისის ბაგა-ბაღებში სათამაშო ინვენტარს შეცვლიან

816

თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ პროექტს იწყებს, პროექტის მიზანი, ბაგა-ბაღებში მოძველებული და ხელოვნური მასალებისგან დამზადებული სათამაშო ინვენტარის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული სათამაშოებით ჩანაცვლებაა.

სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე საქართველოში სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის იდეის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, შეხვედრაზე ადგილობრივ ბაზარზე არსებული ვითარება და ის რესურსი განიხილეს, რაც ქართველ მწარმოებლებს სკოლამდელი განათლების სისტემაში არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისათვის აქვთ.

‘უახლოეს მომავალში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აღნიშნული პროდუქციის შესყიდვისთვის ტენდერს გამოაცხადებს. განახლებული ინვენტარი დედაქალაქის 180-ივე საბავშვო ბაგა-ბაღში შევა”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.