ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდება

1202

წინა სტატია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზე ტენდერს თებერვლის მეორე ნახევარში ხელახლა გამოაცხადებს.

გვირაბის მშენებლობის დაწყება 2018 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა, ივლისში გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა და, შესაბამისად, პროექტის განხორციელების ვადებმაც გადაიწია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სატენდერო პირობები ვერცერთმა კომპანიამ დააკმაყოფილა.

დღეს ამავე საკითხზე ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის პირველი პირები სამშენებლო კომპანიების, ბიზნესასოციაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროექტი ხელახლა წარუდგინეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ეს უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამუშაო კვალიფიციურმა და შესაბამისი რესურსის მქონე კომპანიებმა შეასრულონ.

“ღონისძიების მთავარი მიზანია, დიპლომატიურმა კორპუსმა ყველა გამოცდილ კომპანიას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი მასშტაბური სამშენებლო პროექტის შესახებ, რაც გაზრდის კონკურენციას და შესაბამისად, კვალიფიციური, მაღალი დონის სამშენებლო კომპანიის გამარჯვების ალბათობას, ეს კი საუკეთესო შედეგის მიღებისთვის აუცილებელია. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო დონის გამოცდილი კომპანიები დაინტერესდებიან აღნიშნული პროექტით და მონაწილეობას მიიღებენ ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში”, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გვირაბი, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საინჟინრო მნიშვნელობით, გამორჩეულია – 9 კმ-იანი გვირაბის სიგანე 15 მეტრი იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. “ამ თვალსაზრისით, ქვეშეთი-კობის გვირაბი უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა”, – ამბობენ დეპარტამენტში.

“ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის  ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის  ნაწილია.  გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით, რაც გზის ამ მონაკვეთზე ხშირ და ხანგრძლივ შეფერხებებს იწვევს. ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად. ჯამში, დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23 კილომეტრამდე გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა.  ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს დღეს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი”, – განმარტავენ უწყებაში.