მაია ცქიტიშვილი “მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში მოხსენებით გამოვა

141

8 თებერვალს, საქართველოს პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ანგარიშს მოისმენს.

მაია ცქიტიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს “მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშს წარუდგენს.

“მინისტრის საათი“ გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტით და გულისხმობს წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლას. მინისტრის საათი იწყება მთავრობის წევრის სიტყვით გამოსვლით, რისთვისაც 45 წუთია გამოყოფილი. მოხსენების შემდეგ, მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

2019 წლის საგაზაფხულო სესია დღეს, 5 თებერვალს გაიხსნება. საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში გაიმართება.