რეგიონული პოლიტიკის კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

682

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. კომიტეტის სხდომაზე პროექტი ერთ-ერთმა ავტორმა ილიამ წულაიამ წარადგინა. “ვთვლით, რომ პარტიას ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში წამომადგენელი არა დაფინანსების მიხედვით, არამედ მიღებული ხმების შესაბამისად უნდა ჰყავდეს, ეს არის სამართლიანი პრინციპი, რადგან ერთ და ორკაციან პარტიებზე ადგილების გადანაწილება არასამართლიანია. ამ პარტიებს არ აქვთ ხალხის მანდატი”, – განაცხადა ილია წულაიამ, რომელიც რამდენიმე დეპუტატთან ერთად ცვლილებების ავტორია.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გასვლით სხდომას მარნეულის მუნიციპალიტეტში მართავს.

“საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების მიხედვით: ცესკოს 7 წევრს ნიშნავენ ის პარტიები, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკოს თავმჯდომარის მიერ დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის მეშვეობით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით მიეკუთვნათ პარლამენტის წევრთა მანდატები და შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია.

პარტია, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით და არჩევნებში მონაწილეობდა საარჩევნო ბლოკის მეშვეობით, ამ მუხლის მიზნებისათვის მის მიერ მიღებული ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის დასადგენად, ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა იყოფა ბლოკში შემავალ პარტიათა რაოდენობაზე.

კანონპროექტით, აღნიშნული ნორმის ამოქმედების ვადად განისაზღვრა ცესკოს მიერ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სახის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-2 დღე; შესაბამისად, ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, 2016 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, “ქართულ ოცნებას” ცესკოში ერთის ნაცვლად 4 წევრი ეყოლება. “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში ორ პარტიული ბლოკის სახით მონაწილეობდა. შესაბამისად, ამ წესის მიხედვით, ცესკოში ერთი წარმომადგენელი ეყოლება, 1 წევრი ეყოლება“ევროპულ საქართველოსაც”.  “პატრიოტთა ალიანსიც” ასევე ცესკოში ერთ წევრს დანიშნავს.

დღეს მოქმედი კოდექსით, ცესკოს თითო წევრს ნიშნავენ ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.