ზუგდიდის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

773

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლოში ყოფილი მერის, ლაშა გოგიას, ასევე ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას, ეკონომიკის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალიას და მასთან ერთად დაკავებული მოქალაქე ხუტა ბაღათურიას საქმის მორიგი განხილვა დღეს შედგა.

გოგიას ადვოკატის, ზურაბ ბელთაძის თქმით, სასამართლომ ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ის ფარული ჩანაწერის დაუშვებლად ცნობას ითხოვდა, ვინაიდან, მისი თქმით ჩანაწერები უკანონოდ არის მოპოვებული. გარდა ამისა, ადვოკატები, ასევე, აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ, თუმცა, სასამართლომ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუს-ში 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ მოქალაქეს ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა – 21  500 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შეთანხმების მიხედვით, 11 500 ლარი განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 500 ლარი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.

დეკემბერში ამავე საქმეზე მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მოქალაქე ხუტა ბაღათურია ცრუ ჩვენებისთვის დააკავეს.