ფოთში სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალს ხელფასები გაეზარდა

1061

ფოთის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალის ხელფასები 40 ლარით გაიზარდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებულთა გაზრდილი სამუშაო მოცულობის, დატვირთვისა და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების სახელფასო ფონდი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ 140 ათასი ლარით გაზარდა.

“ბაღის მასწავლებლის ხელფასი 2013 წელთან შედარებით, ფოთში გაორმაგებულია. პირველი ცვლის მასწავლებელი 240 ლარის ნაცვლად 460 ლარს აიღებს, მეორე ცვლის კი 160-ის ნაცვლად 300 ლარს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსების კუთხით, ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს ქვეყნის მასშტაბით”, – განმარტავენ მერიაში.

ფოთის მერის გოჩა კურდღელიას განცხადებით, სკოლამდელი განათლების სფერო მერიისთვის პრიორიტეტულია და სხვადასხვა ღონისძიებების პარალელურად, მერია საბავშვო ბაღების გაზიფიცირებას აგრძელებს და წელს, 5 სკოლამდელ დაწესებულებაში გათბობის სისტემას დაამონტაჟებენ.