ევროკავშირის ელჩი: დეცენტრალიზაცია რეგიონებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება

869

დღეს, პირველ თებერვალს, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ბორჯომში, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

შეხვედრა დახურული იყო და მას 15 არასამთავრობო ორგანიზაციის, ასევე, რეგიონული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმაზე გაამახვილა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა ადგილზე გავცნობოდი რეგიონულ პრობლემებსა და გამოწვევებს. პრობლემები ყველგან არის, მაგრამ ზოგი მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ ვცდილობთ, ამ პრობლემებს ვუპასუხოთ როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე. ევროკავშირი თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და ვფიქრობ, მეტი ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ რეგიონულ დონეზე იყოს შესაძლებელი პრობლემების გადაწყვეტა. მთავრობის მიერ აღებული კურსი დეცენტრალიზაციაზე, ძალიან გამოსადეგი იქნება რეგიონული პრობლემების მოგვარებაში. საქართველო კარგ რეფორმას ახორციელებს ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ მეტი ძალისხმევა მივმართოთ რეგიონებისკენ. ყველა რეფორმა, რომელიც ქვეყანას განვითარების საშუალებას მისცემს, უნდა გასცდეს დიდ ქალაქებს და რეგიონულ დონეზეც იმუშაოს“, – ამბობს კარლ ჰარცელი.