აჭარის ორ სამინისტროში ახალი მოადგილეები წარადგინეს

1191

აჭარის ორ სამინისტროში ახალი მოადგილეები წარადგინეს. როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეწვია და თანამშრომლებს უწყების ხელმძღვანელთან, ინგა შამილიშვილთან ერთად მინისტრის ახალი მოადგილე ალექსანდრე დავითაძე, წარუდგინა.

“მე იმედი მაქვს, რომ განათლების სამინისტრო იქნება წამყვანი იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელსაც ვგეგმავთ მიმდინარე წელს. ზოგადად, ცენტრალურ განათლების სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც შეცვლის მთლიანად განათლების სისტემას. ჩვენი პრიორიტეტია განათლება და ახალგაზრდობა. დღევანდელი საკადრო ცვლილება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის და აჭარისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ახალგაზრდული კომპონენტი უნდა იყოს განსაკუთრებით გამოკვეთილი და ახალგაზრდებს უნდა მივცეთ მაქსიმალური ჩართულობის და თვითრეალიზაციის საშუალება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ალექსანდრე დავითაძე განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, აჭარის მთავრობის აპარატში საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

დღესვე, თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, უწყებაში ახალი მოადგილე წარადგინა.

სულხან მოწყობილი დღეიდან, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის რანგში, აგრარული კუთხით განსახორციელებელ პროექტებს კურირებას გაუწევს.

“მნიშვნელოვანია, რომ ის პროგრამები, რაც გვაქვს დაგეგმილი, იყოს ეფექტიანად განხორციელებული, მაქსიმალურად კოორდინირებული და სწორედ ამით არის განპირობებული დღევანდელი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.