ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებს მიესალმება, თუმცა ხელისუფლებას რეკომენდაციებს სთავაზობს

767

ცნობილი ხდება ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. დოკუმენტში საუბარია მანდატების გადანაწილების წესზე და საარჩევნო 5%-იან ბარიერის პრინციპზე.

სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, საქართველო რჩება საკმაოდ ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ, რომელშიც მოქმედებს ერთპალატიანი პარლამენტი. მას აკლია სასამართლო დამოუკიდებლობის ტრადიცია, ამ პირობებში არსებობს საპარლამენტო უმრავლესობის დომინირების რისკი. ყურადღება უნდა გამახვილდეს შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმის გაძლიერებაზე სახელისუფლებო შტოებს შორის, რაც მეორე პალატის ამოქმედებასა და საპარლამენტო ოპოზიციის როლის გაძლიერებას გულისხმობს.

შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემის შეცვლა პროპორციული სისტემით, ცალსახად უნდა ჩაითვალოს პოზიტიურ ნაბიჯად, რაც პარლამენტში პლურალიზმს გააძლიერებს. თუმცა ამ პოზიტიურ ნაბიჯებს აფერხებს 3 მექანიზმი: საპარლამენტო არჩევნებში შენარჩუნებულია 5 %-იანი ბარიერი; 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი გაუნაწილებელი მანდატები გადაეცემა გამარჯვებულ პარტიას; საარჩევნო კოალიციები (პარტიული ბლოკები) კი უქმდება. მაშინ როცა 5%-იანი ბარიერი სრულყოფილად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და არ იმსახურებს კრიტიკას, ამ სამი მექანიზმის გათვალისწინებით იზღუდება პროპორციული სისტემის ეფექტიანობა პატარა პარტიებისა და პლურალიზმის საზიანოდ, რაც სცდება სამართლიანი წარმომადგენლობისა და საარჩევნო თანასწორობის პრინციპებს, იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ გაითვალისწინონ მანდატების გადანაწილების სხვა მეთოდები, რომელიც პროექტში წარმოდგენილი ცვლილებებისგან განსხვავდება: გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად გადანაწილდეს ყველა იმ პარტიას შორის, რომელიც გადალახავს 5%-იან ბარიერს ან დაწესდეს გაუნაწილებელი მანდატებისა ზედა ზღვარი, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს გამარჯვებულ პარტიას (ბონუსი); და/ან შემცირდეს ბარიერი 2% ან 3%-მდე, ამგვარად დარჩენილი მანდატების გადანაწილდეს პროპორციულად.

წყარო: პირველი