ზვიად სიჭინავას ზუგდიდის მერობა სურს

731

ზვიად სიჭინავამ, შესაძლოა, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში ხელმეორედ მიიღოს მონაწილეობა. თუმცა, მისი თქმით, დამოიუკუდებელ კანდიდატად მონაწილეობას აღარ აპირებს. მისივე ინფორმაციით დიდი სიამოვნებით მიიღებს შეთავაზებას მმართველი პარტიისგან და ითანამშრომლებს ოპოზიციასთან, სხვადასხვა ბლოკთან თუ ჯგუფთან, ვისაც ზუგდიდისთვის სასიკეთო ცვლილებები სურს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

სიჭინავას თქმით ორი წლის წინ განცდილი მარცხის შემდეგ იგივე პოზიციაზე კენჭისყრა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს.

“არ ვამბობს, რომ უეჭველი მე მინდა მერი ვიყო. მზად ვარ, თუ კარგი კანდიდატები იქნებიან ხელისუფლების მხრიდან, ან ოპოზიციისგან, ნებისმიერს დავუჭირო მხარი, თუ ვნახავ, რომ ისინი მზად არიან განავითარონ ქალაქი, მოიზიდონ ბიზნესმენები, ინვესტიციები. რაც აკლია ჩემს ქალაქს, ეს არის ნორმალური მენეჯმენტი და ლოჯისტიკა. ფიზიკურადაც დავეხმარები და შეიძლება ფინანსურადაც გვერდში დავუდგე“.

სიჭინავას თქმით, ორი წლის წინ გამარჯვება გამოუცდელობის გამო ვერ შეძლო.

“ალბათ იმ პერიოდში არ სჯეროდა ჩემი ზუგდიდელების უმრავლესობას. თუმცა მე მათი მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის“.

ზვიად სიჭინავა 2017 წლის მერის არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა დამარცხდა. ის ამ თანამდებობისთვის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ისე იბრძოდა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერობა თენგიზ ჯგუშიასაც სურს

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი, ლაშა გოგია და გია გულორდავა დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცემერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.