„უპრობლემო“ 2018, 2019-თვის დაგეგმილი პროექტები და ცენტრზე დამოკიდებული თვითმმართველობის გაძლიერება

1679

რუსა მაჩაიძე

2018 წელს საქართველოში, საერთშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერით, 1200-ზე მეტი ინფრასქტრუქტურული პროექტი დასრულდა. 2019 წლისთვის კი რეგიონებში განსახორციელებელი  პროექტებისთვის  2 მილიარდი ლარია გამოყოფილი, – ამის შესახებ პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამინისტროს 2018-2019 წლების შემაჯამებელი ანგარიშის  წარდგენისას ისაუბრეს.  ბევრი ითქვა ინფრასტრუქტურის მიმართულებით გაკეთებულსა და მომავალ გეგმებზე,  თითქმის არაფერი – თვითმმართველობის გაძლიერებაზე და საერთოდ არაფერი – პრობლემებზე.

შარშან, წლის ბოლოს, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებისთვის 2018 წელი, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების თვალსაზრისით, ურთულესი იყო, რადგან გამოყოფილი თანხის ათვისება ვერ მოხდა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, სამინისტროს შარშან, 11 თვეში, ბიუჯეტის 45%, ანუ 811 მლნ ლარი, აუთვისებელი ჰქონდა. ამის გამო მთავრობის ინიციატივით, პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებაც მოუწია და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 250 მლნ ლარი ჩამოაჭრა. დეკემბერში ასათვისებელი თანხა – 561 მლნ ლარი კი სამინისტრომ ავანსად იმ კონტრაქტორ კომპანიებს გადაურიცხა, რომლებიც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებას მხოლოდ წელს დაიწყებენ.

პრობლემები იყო მუნიციპალიტეტებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ათვისების მხრივაც. როგორც ცნობილია, ამ პროგრამასაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო კურირებს. სწორედ ამ უწყების ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ 604-ე დადგენილება მიიღო, რომლითაც მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან, ყველა სატენდერო დოკუმენტაცია ჯერ სამინისტროში გააგზავნონ და ტენდერი მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადონ, რაც უწყებაში დოკუმენტაციას შეისწავლიან, შეასწორებენ და ადგილობრივ თვითმმართველობებს უკან დაუბრუნებენ. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ დეკემბრის შუა ნახევრისთვის, 250 მილიონი ლარიდან საკასო შესრულება მხოლოდ 164 მილიონი ლარი იყო, თვითმმართველობებს კი ინფრასტრუქტურული პროექტები განსახორციელებელი დარჩათ.

მიუხედავად არაერთი ჩავარდნილი პროექტისა, ანგარიშის წარდგენისას მინისტრს ამ გამოწვევებზე არაფერი უთქვამს და არც იმაზე ულაპარაკია, აპირებს თუ არა სამინისტრო პროექტების მართვის კუთხით რამის შეცვლას იმისთვის, რომ უწყებამ და მუნიციპალიტეტებმა წელს მაინც აიცილონ თავიდან ამგვარი პრობლემები. არადა, პრობლემების უგულვებელყოფა მათი მოგვარების გზა რომ არ არის, ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია.

ასევე, თითქმის არაფერი თქმულა თვითმმართველობის რეფორმაზე, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის წარდგენისას თავად მინისტრმა განაცხადა, რომ „რეგიონის განვითარება წარმოუდგენელია ძლიერი თვითმმართველობის გარეშე“. თუმცა, კონკრეტულად რას გეგმავს ხელისუფლება იმისთვის, რომ თვითმმართველობებს რეალურად შეეძლოთ ადგილზე მართვა, მინისტრს არ უსაუბრია. არადა, დემოკრატიის განვითარებისთვის დეცენტრალიზაციის პროცესი და ძლიერი ადგილობრივი თვითმართველობის არსებობა რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არც ახალია და მუდმივად ამ თემაზე ხდება აპელირება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან,  როდესაც ქვეყნისთვის აუცილებელი  რეკომენდაციები იდება.

ერთადერთი, რაც მინისტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით ახსენა, იყო ის, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი შემუშავდა. ტრადიციულად, თქვა ისიც, რომ სტრატეგია სამ მიმართულებას მოიცავს – ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გაზრდას საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში; ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფას შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით და სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.

სამწუხაროდ, მინისტრს არც სტრატეგიაზე და არც გეგმებზე ამაზე მეტი არაფერი უთქვამს. მაგალითად, კონკრეტულად, როგორ გაძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური დამოუკიდებლობა, როდის გადაეცემათ, ან გადაეცემათ თუ არა საერთოდ, მუნიციპალიტეტებს მათ ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო მიწები, რომლებსაც, წლებია, ეკონომიკის სამინისტრო ფლობს, ან ამ დრომდე დაურეგისტრირებელია და ა.შ.

ერთადერთი კონკრეტული, რაზეც ცქიტიშვილმა ილაპარაკა, ისაა, რომ განათლების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, სკოლებში მცირე ინფრასტრუქტურას თვითმმართველობები, დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, მოაწესრიგებენ. აგრეთვე, თვითმმართველობები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა სასწავლო დაწესებულებებში ტრანსპორტირებასაც.

გარდა ამისა, რატომღაც, სწორედ დეცენტრალიზაციის კონტექსტში, მინისტრმა ხაზი გაუსვა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას, თუმცა, პრობლემა ის არის, რომ, რეალურად, ეს პროექტიც ცენტრალიზებულია, ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ცენტრალური ხელისუფლების ზედამხედველობით ხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებების მიღება სოფლის კრებებზე მოხდება.

ის, რომ ამ პროგრამას დეცენტრალიზაციასთან კავშირი არ აქვს, სოფლებში გამართული ის კრებებიც ადასტურებს, რომლებსაც მუდმივად ესწრებიან გუბერნატორები და მათი მოადგილეები, პარლამენტის წევრები და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მთავრობის ის წევრებიც კი, ვისაც საერთოდ არაფერი ესაქმება სოფლის კრებებზე. მაგალითად, ლამისყანაში გამართულ კრებას, არც მეტი, არც ნაკლები, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი ვკითხულობთ: „სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანია, მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მიიღონ და მათთან შეთანხმების საფუძველზე, ის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩიონ, რომლებიც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით დაფინანსდება”.

მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც გასულ წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჰქონდა, ცხადია, საინტერესოა, რას გეგმავს უწყება წელს და რა პროექტების განხორციელებას აპირებს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდება და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.  ამ გაზრდილი თანხიდან კი თოთოეული პროექტის დაფინანსებისთვის 10-20 ათას  ლარამდე გამოიყოფა.

„უკვე ათასზე მეტი სოფლის კრება გაიმართა და გამოიკვეთა პროგრამის გაზრდის საჭიროება. ბიუჯეტის გაორმაგების შემდეგ, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში, სოფლების საჭიროებებზე, დასახლებების ზომის მიხედვით, თითოეულ პროექტზე 10-დან 20 ათას ლარამდე გამოიყოფა,“  – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები და სხვა. შერჩეული პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია სხვა ფინანსური წყაროებიდან – საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციებიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან კანონით ნებადართული სხვა სახსრებით.

პროგრამიდან კონკრეტულად რომელი პროექტისთვის დაიხარჯოს თანხა, ამაზე გადაწყვეტილებას სოფლის კრებებზე მოსახლეობა იღებს. შემდეგ მერია შეადგენს პროექტს, რომელსაც საკრებულო დაამტკიცებს, ხოლო მთავრობა ამ თანხებს მუნიცპალიტეტებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფს.

მინისტრის თქმით, „სოფლის კრებები პირველ მარტამდე გაგრძელდება და 3700 სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა“.

საგზაო ინფრასტრუქტურა

ყველაზე მეტი ყურადღება ანგარიშის წარდგენისას საგზაო ინფრასტრუქტურას დაეთმო.

„გასული წელი მნიშვნელოვანი იყო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით, დასრულდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და აქტიური მუშაობა გრძელდება საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობის კუთხით,“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და აღნიშნა, რომ შარშან ამ მიმართულებით განხორციელდა 617 პროექტი და დაიხარჯა 1.478 მლნ ლარი, მათ შორის  – 727 მლნ ლარი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 2018 წელს ქვეყნის მასშტაბით განახლდა 218 კმ გზა და აშენდა 25 ახალი ხიდი, მათ შორისაა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ხობი-ლესიჭინეს მონაკვეთზე მდინარე ხობისწყალზე ახალი სახიდე გადასავლელის მშენებლობა.

განსაკუთრებული აქცენტი კი  ტურისტულად მნიშვნელოვან მონაკვეთებზე გააკეთა.

“გასულ წელს დასრულებული მნიშვნელოვანი პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელმაც განტვირთა საკურორტო ზონა ტრანზიტული მოძრაობისგან და მნიშვნელოვნად შემცირდა ბათუმამდე მგზავრობის დრო. ასევე დასრულდა მესტია-უშგულის რთულ მონაკვეთზე 10 კმ გზის მშენებლობა. ეს არის ერთადერთი გზა უშგულამდე და მას, როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები, აქტიურად იყენებენ. გზაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდა ზამთრის თვეებშიც და ამ გზის სხვა მონაკვეთების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები წელსაც გაგრძელდება,“  – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა დარიალის ხეობაში დევდორაკის 2 კმ-იანი გვირაბის დასრულებულ მშენებლობაზე, რომლის მეშვეობითაც, მისი თქმით, „ხეობაში გადაადგილება უსაფრთხო გახდა და მთელი წელი შენარჩუნებული იქნება ამ გზის ტრანზიტული ფუნქცია“. შეგახსენებთ, რომ  დევდორაკის გვირაბი, რიკოთის გვირაბის შემდგომ,  ყველაზე მასშტაბური პროექტია.

შარშან ასევე დასრულდა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია და მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების და კალაპოტში ნატანდამჭერი ნაგებობის მშენებლობა.

რაც შეეხება წელს განსახორციელებელ პროექტებს, მაია ცქიტიშვილის თქმით, „მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების სხვადასხვა მონაკვეთზე. გარდა ამისა, რეაბილიტირდება  300 კმ გზა და აშენდება 40 ახალი ხიდი.

წყალმომარაგება  – „2019 წელი წყლის პროექტებით იქნება დატვირთული“

“უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენს მთავარ გამოწვევად და შესაბამისად, უპირველეს პრიორიტეტად რჩება,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ  „გასული წელი მნიშვნელოვანი იყო წყალმომარაგების სფეროში, ვინაიდან პირველად დაიწყო წყლის ინფრასტრუქტურის სრული ინვენტარიზაცია და შესაბამისი საჭიროებების გამოვლენის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით შესწავლა“.

მისივე თქმით, პროცესი 2019 წელს დასრულდება და მნიშვნელოვნად გაამარტივებს წალმომარაგების პოლიტიკის, მათ შორის, სატარიფო პოლიტიკის დაგეგმარებისა და პრიორიტეტების დასახვის პროცესს.

როგორც ვიცეპრემიერმა განაცხადა, შარშან წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების სარეაბილიტაციო, სამშენებლო და გამრიცხველიანების სამუშაოებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სხვადასხვა რეგიონში 153 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა, რის შედეგადაც გაუმჯობესებული ხარისხის წყლით უზურნველყოფილი იქნა 50 000 ბენეფიციარი, მათ შორის, ისეთ რეგიონებში, როგორიცაა სტეფანწმინდა, სადაც წლების განმავლობაში პრობლემური იყო წყალმომარაგება და ახალციხეში არსებული დევნილთა დასახლება, სადაც წლების განმავლობაში საუბნო ონკანებით სარგებლობდნენ.

“დასრულდა 77 მილიონი ლარის ღირებულების წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები, რის შედეგადაც დამატებით 100 000-მდე მოსახლეს გაუუმჯობესდა წყალმომარაგების ხარისხი და მიწოდების გრაფიკი,“  – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, 2019 წელს დამატებით 430 000 ადამიანი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

“ძალიან ბევრ ადგილას  მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ხარისხიან სასმელ წყალზე, ან არ აქვს უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგება, ამიტომ ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტი 2019 წელს სწორედ წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მოწესრიგებაა  და ამ მიმართულებით წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი 30%-ით არის გაზრდილი,”  – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

წელს განსახორციელებელ  პროექტებთან დაკავშირებით, ვიცეპრემიერმა განაცხადა, რომ 2019 წელს დასრულდება ანაკლიაში, მესტიაში, წყალტუბოსა და ურეკში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და ქუთაისის, ჯვრის, ჭიათურის, ურეკისა და გარდაბნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.

მისივე თქმით, 2019 წელს წყალმომარაგების სამუშაოებზე მუნიციპალური განვითარების ფონდის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის გამოყოფილი 282 მილიონი ლარით 85 პროექტი განხორციელდება. ყველა ჩამოთვლილი პროექტის განხორციელების შედეგად, დამატებით 430 000 ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე, გამართული კანალიზაციის სისტემით.

ამ მხრივ მან განსაკუთრებული აქცენტი გურიის სოფლების – ბახვი-ვაკიჯვრის და ცხემლისხიდის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის სამუშაოებზე გააკეთა.

„ პროექტს 9 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება და 3 000-ზე მეტ ადამიანს მოუგვარდება წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც მათ წლებია, აწუხებთ. ისინი სტაბილური სასმელი წყლის მიწოდებით იქნებიან უზრუნველყოფილი,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პრემიერმინისტრმა პრეზენტაციაზე გამოყო თელავის მოსახლეობის პრობლემა, რომელთაც რამდენიმე წელია, სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. ამასთან, მისი თქმით, ნაწილობრივ ამორტიზირებულია შიდა გამანაწილებელი ქსელიც. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი  წელს დაიწყება თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. აშენდება 6 ახალი და რეაბილიტირდება 5 არსებული ჭაბურღილი, მოეწყობა მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელი. ასევე, დაგეგმილია ახალი რეზერვუარების მშენებლობაც.

ნაგავსაყრელები, კანალიზაცია და სხვა პროექტები

2018 წლის ანგარიშის წარდგენისას რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა  განაცხადა, რომ ტურიზმი ქვეყნისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და ტურიზმის განვითარებისთვის, გზების გარდა, სხვა პროექტებიც მნიშვნელოვანია.  ამისთვის კი, მისი თქმით, მთელი რიგი პროექტები განხორციელდება, მათ შორის, პირველ რიგში, კანალიზაციის პროექტები, რომლის განხორციელებაც, როგორც ჩანს, მხოლოდ რამდენიმე ადგილზე იგეგმება და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ცქიტიშვილის  განმარტებით, იწყება მარნეულის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ 20 000-ზე მეტ ადამიანს პირველად მოემსახურება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა. ასევე, გუდაურში იწყება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები იწყება ქუთაისში, ჭიათურასა და ვალეშიც.

ასევე, როგორც მინისტრმა განაცხადა, ტურისტული ინფრასრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 40-ზე მეტი პროექტი, მათ შორის – ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია, ვიზიტორთა ცენტრებისა და მუზეუმების მშენებლობა, დაცული ტერიტორიების კეთილმოწყობა, აბასთუმნის სრული ურბანული განახლება და ობსერვატორიისა და საბაგიროს აღდგენა. ასევე, „ათეულობით ტურისტულ ლოკაციაზე დაიწყება ე.წ. გადასახედების მოწტყობის პროექტი“.

გარდა ამისა, როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია საერთაშორისო სტანდარტების პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის 700 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.