ცქიტიშვილი: ჭიათურის საბაგიროების მშენებლობა წელს დასრულდება

757

ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება მუნიციპალური დანიშნულების ინფრასტრუქტურის განვითარებაა. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს მეწარმეების საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, 2018 წელს დუშეთის პარკის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა და მთლიანად განახლდა პარკის ინფრასტრუქტურა. ასევე, მისივე ცნობით, გასული წლის ოქტომბერში დასრულდა ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტიც.

“მიმდინარეობს და წელს დასრულდება ჭიათურის საბაგიროების მშენებლობის სამუშაოები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჭიათურის მთაგორიან რელიეფზე გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება იქნება“, -აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, 2019 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით დაგეგმილია 850-მდე პროექტის განხორციელება სხვადასხვა მუნიციპალური ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

“დაგეგმილი გვაქვს ქობულეთისა და ბათუმის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ახალი ბულვარი და სანაპირო ზოლი დაცული იქნება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედებისგან“, -აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 5 რეგიონული ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა იწყება, ტენდერი უკვე გამოცხადებულია გორის, გურჯაანისა და ახალციხის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე. მინისტრის თქმით, წლის განმავლობაში დამატებით გამოცხადდება ტენდერი ზუგდიდისა და რუსთავის ცხოვლეთა თავშესაფრის მშენებლობისთვის.