თბილისს ახალი ბიზნესაქსელერატორი შეემატა

1299

წინა სტატია

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის) ბიზნეს აქსელერატორის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ინოვაციური პროექტი ახალგაზრდების ბიზნეს იდეების განხორციელების ხელშეწყობას ემსახურება.

“აღნიშნული პროექტით ახალგაზრდებს საკუთარი იდეების განხორციელებაში შევუწყობთ ხელს. ასევე, დავეხმარებით ბიზნესგეგმის შედგენასა და ბიზნესთან კომუნიკაციაში იმისთვის, რომ მათი იდეების რეალობად ქცევა შევძლოთ. ევროკავშირი ამ პროექტს 500 000 ევროთი აფინანსებს. თავის მხრივ, თბილისის მერიაც ამატებს თანხას პროექტში ახალგაზრდების ჩართულობის მხარდასაჭერად. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დარეგისტრირდეს, წარმოადგინოს პროექტი და იმ ადამიანებთან ერთად იმუშაოს, ვისგანაც მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის მნიშვნელობაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც ისაუბრა და პროგრამის განხორციელების პროცესში ევროპული გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.

“პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აქ ვიმყოფებით, იმ ფართომასშტაბიანი ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში ხორციელდება და რომლის სახელწოდებაა – “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. მთლიანობაში, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის, რომლის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ ნიჭიერი ახალგაზრდები არ დაკარგოს, მილიონნახევარი ლარი დაიხარჯება. მზად ვართ, აქტიური თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის“, – კარლ ჰარცელმა.

პრეზენტაციის პარალელურად, პარკის ტერიტორიაზე, “თბილისური ბაზარი“ მოეწყო, სადაც 50-მდე მეწარმის მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ბიზნესაქსელერატორის სამუშაო სივრცე თბილისის მერიისა და ევროკავშირის ინიციატივით, “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის თანაპარტნიორობით შეიქმნა.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის მიზანს დასაქმების ხელშეწყობა, ქართველი მეწარმეებისთვის შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელება წარმოადგენს. დღეიდან, სამუშაო სივრცე თავისი სერვისებით ნებისმიერი ბიზნეს იდეის მქონე პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება.