აღმოჩნდა, რომ რაბათში სახლის ქვეშ “აღმოჩენილ” აბანოს ძეგლის სტატუსის 2011 წელს მიანიჭეს

1524

წინა სტატია

რაბათში შავაძეების სახლში “აღმოჩენილ” მე–18 საუკუნის აბანოს აღმოჩნდა, რომ ძეგლის სტატუსის 2011 წელს მიანიჭეს. ამის შესახებ ძეგლთა დაცვის სააგენტომ მაშინ გაარკვია, როცა სპეციალისტები შავაძეებთან აღმოჩენის შესასწავლად მივიდნენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სახლის მფლობელის თქმით, მაშინ, როცა ახალციხის ციხის რეაბილიტაცია იგეგმებოდა, მან სახლის სარდაფში ნანგრევების ნაწილი ძეგლთა დაცვის სააგენტოს იმ დროინდელ ხელმძღვანელ ნიკოლოზ ვაჩეიშვილს აჩვენა.

“ახალციხის მერებსაც, გარდა ვოვა ზედგინიძისა, ყოველთვის ვეუბნებოდი ამის შესახებ, მაგრამ არავინ ყურადღებას არ მაქცევდა. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე მაშინ, როცა ვაჩეიშვილს იმ ნანგრევების ნაწილი ვაჩვენე, ამისთვის ძეგლის სტატუსი მიუნიჭებიათ“.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს სპეციალისტის ქეთი დიღმელაშვილის თქმით, აბანოები ახლადაღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტი ეგონათ, რადგან სახლის მფლობელს არ ჰქონდა ნათქვამი, თუ მასთან ძეგლთა დაცვის სააგენტოდან მანამდეც იმყოფებოდნენ. ამასთან, მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ბაზა 2012 წელს განახლდა, რის გამოც ბაზაში თავდაპირველად  ძეგლი არ აღმოჩნდა, თუმცა ხელახალი ძებნის შედეგად აღმოაჩინეს, რომ აბანოებს ძეგლის სტატუსი 2011 წელს მიანიჭეს. დიღმელაშვილის ინფორმაციით, თვითმმართველობას ამის შესახებ აუცილებლად ეცნობებოდა და მერიას ძეგლისთვის ყურადღება უნდა მიექცია.

ახალციხის მერიაში კი ამბობენ, რომ აღნიშნული აბანოების შესახებ მათ უწყებაში არანაირი ინფორმაცია არ შესულა.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლა მეპატრონესთან ძეგლის მოვლა–პატრონობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება. მათივე თქმით ძეგლი მე–17 მე–18 საუკუნით დათარიღებული თურქული აბანოა და ექვსი დარბაზისგან, ასევე, გამათბობელი განყოფილებისგან შედგება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, აბანო საკმაოდ მასშტაბურია და ის გათვლილი უნდა ყოფილიყო ქალაქის გარნიზონისთვის.

აბანოების ნაწილს შავაძეები ამჟამად სარდაფად იყენებენ.

შეგახსენებთ, ახალციხეში, ციხისძირის ქუჩაზე მცხოვრებმა შავაძეებმა რემონტის დროს, ერთ–ერთ ოთახში იატაკის აყრის შემდეგ, სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები, დაახლოებით, ორი კვირის წინ აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ შესაბამის უწყებებს არ შეატყობინეს. მომხდარის შესახებ ძეგლთა დაცის სააგენტომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ “სამხრეთის კარიბჭედან“ შეიტყვეს, რის შემდეგაც შავაძეებთან სპეციალისტები გაგზავნეს.