2019 წელს დამატებით 430 000 ადამიანი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს (ვიდეო)

1162

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს მიერ 2018 წელს განხორციელებული და 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ 2019 წელს დამატებით 430 000 ადამიანი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

“ძალიან ბევრ ადგილას, მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ხარისხიან სასმელ წყალზე, ან არ აქვს უზრუნველყოფილი 24 საათიანი წყალმომარაგება. ამიტომ, ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტი 2019 წელს სწორედ წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მოწესრიგებაა საქართველოს რეგიონებში და ამ მიმართულებით წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი 30%-ით არის გაზრდილი”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშილის თქმით, 2019 წელს ანაკლიაში, მესტიაში, წყალტუბოსა და ურეკში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ასევე ქუთაისის, ჯვრის, ჭიათურის, ურეკისა და გარდაბნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდება.

მისივე თქმით, 2019 წელს წყალმომარაგების სამუშაოებზე მუნიციპალური განვითარების ფონდის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის გამოყოფილი 282 მილიონი ლარით 85 პროექტი განხორციელდება. ყველა ჩამოთვლილი პროექტის განხორციელების შედეგად, დამატებით 430 000 ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე, გამართული კანალიზაციის სისტემით.

“აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს ათეულობით წლის განმავლობაში წყალი 4 დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა, პროექტის მეორე ფაზის დასრულების შემდგომ კი, ისინი 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი“, – განაცხადა პრეზენტაციაზე ცქიტიშვილმა.

მისივე განცხადებით, 2019 წელი წყლის პროექტებით იქნება დატვირთული. მისი განმარტებით, იწყება მარნეულის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ 20 000-ზე მეტ ადამიანს პირველად მოემსახურება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა. ასევე, გუდაურში იწყება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები იწყება ქუთაისში, ჭიათურასა და ვალეშიც.

“წელს იწყება გურიის სოფლების ბახვი-ვაკიჯვრის და ცხემლისხიდის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის სამუშაოები. პროექტს 9 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება და 3 000-ზე მეტ ადამიანს მოუგვარდება წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც მათ წლებია აწუხებთ. ისინი სტაბილური სასმელი წყლის მიწოდებით იქნებიან უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პრემიერმინისტრმა პრეზენტაციაზე გამოყო თელავის მოსახლეობის პრობლემა, რომელთაც რამდენიმე წელია სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება, ამასთან, მისი თქმით ნაწილობრივ ამორტიზირებულია შიდა გამანაწილებელი ქსელიც. როგორც ცქიტიშვილმა განმარტა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, წელს დაიწყება თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. აშენდება 6 ახალი და რეაბილიტირდება 5 არსებული ჭაბურღილი, მოეწყობა მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელი. ასევე, დაგეგმილია ახალი რეზერვუარების მშენებლობაც.