ცქიტიშვილი: წყალმომარაგება ჩვენს მთავარ გამოწვევად და უპირველეს პრიორიტეტად რჩება

729

“უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენს მთავარ გამოწვევად და შესაბამისად, უპირველეს პრიორიტეტად რჩება”, – განაცხადა ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმამაია ცქიტიშვილმა სამინისტროს მიერ 2018 წელს განხორციელებული და 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე.

ცქიტიშვილის თქმით, გასული წელი მნიშვნელოვანი იყო წყალმომარაგების სფეროში, ვინაიდან პირველად დაიწყო წყლის ინფრასტრუქტურის სრული ინვენტარიზაცია და შესაბამისი საჭიროებების გამოვლენის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით შესწავლა. მისივე თქმით, პროცესი 2019 წელს დასრულდება და მნიშვნელოვნად გაამარტივებს წალმომარაგების პოლიტიკის, მათ შორის, სატარიფო პოლიტიკის დაგეგმარებისა და პრიორიტეტების დასახვის პროცესს.

როგორც ვიცეპრემიერმა განაცხადა, გასულ წელს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების სარეაბილიტაციო, სამშენებლო და გამრიცხველიანების სამუშაოებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სხვადასხვა რეგიონში 153 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა, რის შედეგადაც გაუმჯობესებული ხარისხის წყლით უზურნველყოფილი იქნა 50 000 ბენეფიციარი, მათ შორის, ისეთ რეგიონებში, როგორიცაა სტეფანწმინდა, სადაც წლების განმავლობაში პრობლემური იყო წყალმომარაგება და ახალციხეში არსებული დევნილთა დასახლება, სადაც წლების განმავლობაში საუბნო ონკანებით სარგებლობდნენ.

“2018 წელს მასშტაბური პროექტები განახორციელა წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმაც. დასრულდა 77 მილიონი ლარის ღირებულების წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები, რის შედეგადაც დამატებით 100 000-მდე მოსახლეს გაუუმჯობესდა წყალმომარაგების ხარისხი და მიწოდების გრაფიკი“, -აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.