ოკუპირებული ცხინვალი ყაზბეგის ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებს

1334

ოკუპირებული ცხინვალი ყაზბეგის ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებს. ამ საკითხზე ე.წ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

დიმიტრი მედოევის თქმით, მცხეთა-მთიანეთის ეს ტერიტორია ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს წარმოადგენს, რაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი ხელმძღვანელობის მკაფიო პოზიციაა და ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები ოს ხალხს დაუბრუნდება.

დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გერმანულ გამოცემასთან გააკეთა, მოგვიანებით კი მისი ინტერვიუ დეფაქტო უწყების ვებგვერდზეც გამოჩნდა.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მინისტრის თქმით, ოსურმა მხარემ ეს საკითხი ჟენევის დისკუსიაზე არაერთხელ წამოსწია.

“პრობლემა ისტორიული აღმოსავლეთ ოსეთისა (თრუსოს ხეობა, კობი, გუდოს ხეობა), რომელიც საქართველოს კონტროლის ქვეშაა, ხანგრძლივია და ყოველწლიურად უფრო კომპლექსური ხდება. ეს მთელი ოსეთისთვის მტკივნეული საკითხია”, – აცხადებს მედოევი.

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას თბილისში ტრაგიკული და საღ აზრს მოკლებული უწოდეს. დეპუტატი ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის პოლიტიკური ქულების დასაწერად გაკეთებულ განცხადებას.