კალაძე: ე.წ “ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტზე ინტერესთა გამოხატვას ხელახლა ვაცხადებთ

177

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია ვარკეთილის მესამე მასივში ავარიული კორპუსების ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის განსახორციელებლად, ინტერესთა გამოხატვას კიდევ ერთხელ აცხადებს. თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად, აღნიშნული პროექტის მიმართ ინტერესი დიდი იქნება და თბილისში ავარიული კორპუსების ჩანაცვლება ეტაპობრივად დაიწყება.

“წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი “ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, თბილისში ძალიან ბევრი ავარიული კორპუსი გვაქვს, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მათი ჩანაცვლება აუცილებელია. ვარკეთილის მესამე მასივში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ 3 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანებას ვგეგმავთ, რომელზეც ინტერესთა გამოხატვას ვაცხადებთ. პროექტის ფარგლებში, ვარკეთილში ავარიული “ხრუშჩოვკები“ ჩანაცვლდება. რამდენიმე ხნის წინ გამოცხადებული კი გვქონდა ინტერესთა გამოხატვა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ გვქონდა შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, დეველოპერებთან, მშენებლებთან და გარკვეული წინადადებაში ცვლილებები შევიტანეთ. ამჯერად, მთელი მთავრობის მოლოდინია, რომ პროცესს მაღალი ინტერესი მოჰყვება. ეს არის საპილოტე პროექტი და მგონია, რომ წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ავარიული შენობების ჩანაცვლებას ეტაპობრივად დავიწყებთ.

სამ ჰექტარ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 75 ათასი კვადრატული მეტრის ფართი უნდა აშენდეს. შემოსათავაზებელი ფართები მინიმუმ 7 500 კვადრატული მეტრია. გამარჯვებული იქნება ის, ვინც უფრო მეტ ფართს შემოგვთავაზებს. დარწმუნებული ვარ, რომ ინტერესი საკმაოდ მაღალი იქნება და შესაბამისად, ჩვენ იმ ოჯახების დაკმაყოფილებას შევძლებთ, ვინც წლების განმავლობაში, ავარიულ სახლებში ცხოვრობს. ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, ინფორმაცია განთავსებული იქნება მერიის ვებგვერდზე. თუ დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მიმართოთ ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახურს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.