ელექტრომობილების მფლობელებისთვის 11 თებერვლიდან ვებგვერდი ამოქმედდება

920

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ელექტრომობილების მფლობელებისთვის 11 თებერვლიდან ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge ამოქმედდება. მისი თქმით, ვებგვერდის საშუალებით ელექტრომობილების მფლობელებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შეეძლებათ, თბილისის მერიას საცხოვრებელ სახლთან ელექტროდამტენების დამონტაჟება სთხოვონ.

“ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა და მასშტაბური მიდგომა სჭირდება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულების მოწესრიგებით ამ პრობლემის მოგვარებას ვერ მოვახერხებთ, ამიტომ ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთ-ერთი მიმართულება ისაა, რომ ხელს ვუწყობთ ქალაქში ელექტრომობილების შემოყვანას. როგორც იცით, მათი განბაჟება უფასოა. გარდა ამისა, ელექტრომობილების პარკირება უფასო იქნება. ამასთან, გვაქვს კიდევ ერთი სიახლე: შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge, რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ელექტრომობილი ჰყავს, შეუძლია, აღნიშნულ ვებგვერდზე დარეგისტრირდეს, მოგვაწოდოს ინფორმაცია თავისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ და ჩვენ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, მზად ვართ, სახლთან ელექტროდამტენები დავუმონტაჟოთ. ეს ელექტრომობილების შემოყვანას წაახალისებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან და არის კომპანია, რომელსაც სურს ელექტრომობილების შემოყვანა საქართველოში. საუბარია ელექტრომობილების “გაზიარებაზე“ ანუ ეს ავტომობილები განთავსებული იქნება ქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე და აპლიკაციის საშუალებით მოქალაქე ისარგებლებს ამ ავტომობილით. გვქონდა კომუნიკაცია ბიზნესთან და ელექტროდამტენების უფასოდ დამონტაჟება, რომელზეც ვსაუბობთ, განხორციელდება ბიზნესთან ერთად ანუ მუნიციპალიტეტი არაფერს დახარჯავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.