დეცენტრალიზაცია არ არის სეპარატიზმი! ის პრობლემის ცივილიზებული მეთოდებით მოგვარების ქმედითი მექანიზმია

1707

ტიგრან თარზიანინინოწმინდის მუნიციპალიტეტის მცხოვრები

დეცენტრალიზაცია და რეგიონული განვითარება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად, გამოწვევად რჩება, რაც როგორც ეკონომიკის, ისე ეფექტური მმართველობის განვითარებას აფერხებს.

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ეთნიკური უმცირესობები შეადგენენ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი საქართველოს ნაწილია, აქ ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ეთნიკურად სომეხი ადამიანები. ნინოწმინდა 1991 წლამდე სასოფლო-სამეურნო კუთხით განვითარებულ მუნიციპალიტეტს წარმოადგენდა. სსრკ-ს ნგრევის პარალელურად, დაინგრა ერთიანი ეკონომიკური სისტემა, დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, ასევე, ამ ყველაფერს დაემატა შიდა პოლიტიკური არეულობა მთელი საქართველოს მასშტაბით. საბოლოოდ, როგორც სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან, ნინოწმინდიდანაც ქვეყნის გარეთ გასულთა რაოდენობა გაიზარდა. ამჟამად ნინოწმინდაში 24 491 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის ნაწილმა საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქვეყნიდან ემიგრაცია აირჩია. ნინოწმინდის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ძირითადად, რუსეთში სეზონურ სამუშაოზე მიდის.

მუნიციპალიტეტში არსებობს ბევრი საკითხი, რომელიც დღემდე გამოწვევად რჩება.  არსებულ პრობლემებს შორისაა მიგრაცია, უმუშევრობა (ეს ორი ერთმანეთან ახლო კავშირში არიან), განათლება, მწირი ადამიანური რესურსი, ენის ბარიერი, ინფორმაციის ნაკლებობა და  ძლიერი რუსული პროპაგანდა, პოლიტიკური და სამოქალაქო ჩართულობის არარსებობა და რაც მთავარია, რეალური თვითმმართველობის არარსებობა. 

დავიწყოთ იმით, რომ ეთნიკურ უმცირესობათა დიდმა ნაწილმა არ იცის ქართული ენა. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის გადაწყვეტა, დიდი ხანია, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშია, პროგრესი მისი გადაწყვეტის მიმართულებით თვალსაჩინო არაა.

მიუხედავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა, მაგალითად, სპეციალურად უმცირესობებისთვის განკუთვნილი ქართული ენის შესწავლის ახალი მეთოდოლოგიის – „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, „1+4“ პროგრამის, კონსულტანტისა და დამხმარე პედაგოგების პროგრამის ამოქმედება და სახელმძღვანელოების შემუშავება, საჯარო სკოლა მაინც ვერ უზრუნველყოფს ქართული ენის სწავლების სათანადო დონეს. ასე რომ, სომხური და რუსულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები დაბალ დონეზეც კი ვერ ფლობენ ქართულ ენას.

ენის სწავლების პრობლემა არანაკლებ მნიშნელოვანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში – საბავშვო ბაღებშიც ქართული ენის სწავლება პრობლემად რჩება. ალბათ, ამის ერთ-ერთი პრობლემა ენის სპეციალისტის არარსებობაა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ენობრივი გარემო, ტრადიციულად, სომხურენოვანია და სუსტია ადგილობრივ მოსახლეობაში ქართული ენის შესწავლის მოტივაციაც. მიუხედავად გარკვეული პროგრამებისა, ისევ ძლიერია რუსული ენის პოზიციები, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთში სეზონურ მიგრაციაზეა ორიენტირებული.

აქედან გამომდინარე,  ნათელია ის, რომ მოსახლეობის მიერ ადგილობრივ საკითხებში მონაწილეობის არმიღება იმ მიზეზთანაც არის დაკავშირებული, რომ მოქალაქეები არ ფლობენ სახელმწიფო ენას.  ესაა ნინოწმინდაში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის პასიურობის მთავარი მიზეზი ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობისა და სამოქალაქო ჩართულობის მხრივ. 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 85-ე მუხლში პეტიცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ საკითხებში მონაწილეობის ერთ-ერთი გზა. ჩვენთან მოსახლეობამ არაფერი იცის ამის შესახებ. საერთოდ არ იციან, რა არის პეტიცია. ონლაინ პეტიციაზე საუბარი ხომ საერთოდ  ზედმეტია, იმიტომ, რომ ელექტრონული მმართველობა ჩვენთან, ნინოწმინდაში, საერთოდ არ არსებობს, გარდა მუნიციპალიტეტის ოფიციალური facebook-გვერდისა და ვებგვრდისა, თუმცა, ეს ორი რესურსიც კი გამართულად არ მუშაობს.

მეორე დიდი პრობლემა მონაწილეობასთან დაკავშირებით არის ინფორმაცის არარსებობა, ინფორმაციული ვაკუუმი. ნინოწმინდაში ეთნიკური უმცირესობების მნიშვნელოვანი ნაწილი ინფორმაციას ქართული მედიასაშუალებებით არ ეცნობა, რაც, ისევ და ისევ, ენობრივი ბარიერის არსებობით არის გამოწვეული. ადგილობრივი მედია „ფარვანა“ კი, ხშირ შემთხვევაში, „სპუტნიკის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ავრცელებს. ასე რომ, აქაც რუსული პროპაგანდა მუშაობს საკმაოდ ძლიერად.

ინფორმაცის ნაკლებობა მწვავედ დგას სოფლებშიც – აქ მდგომარეობა უფრო რთულადაა. მაგალითად, 22-24 ნოემბერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვას მოსახლეობა არ ესწრებოდა. ეს კი გამოწვეული იყო იმით, რომ სოფლებში მცხოვრები ადამიანები საერთოდ არ ფლობდნენ ინფორმაციას 2019 წლის საბიუჯეტო სხდომასთან დაკავშირებით. სხვა მიზეზებთან ერთად, ეს ფაქტი იმის მანიშნებელიცაა, რომ მერის წარმომადგენლები და თემის, საკრებულოს წარმომადგენლები არ ასრულებენ თავიანთ მოავლეობებს (მაგ. ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის ბიუჯეტის განხილვის თაობაზე).

ჩვენთან მოსახლეობა პასიურია როგორც ადგილობრივ საკითხებში მონაწილეობის, ისე პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის მხრივაც. როგორც უკვე ვთქვი, ერთი მიზეზი ენის ბარიერია, მეორე კი – ინფორმაციის არარსებობა.

სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში საკმაოდ მწვავედ დგას საკადრო პოლიტიკის საკითხი, პროფესიონალი კადრების ნაკლებობა, რომლის  მიზეზიც, უპირველეს ყოვლისა, არის ნეპოტიზმი, კორუფცია და რაც მთავარია, კლანური მმართველობა.

ამას ემატება არააქტიური სამოქალაქო საზოგადოებაც. ქალაქ ნინოწმინდას და მასში შემავალ 31 სოფელს თითქმის ერთნაირი პრობლემები აქვთ. ესენია: გზები, ბუნებრივი აირი, სასმელი წყალი, კანალიზაცია, ბაღები, განათლება და სხვა. პრობლემა ისაა, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად გადაწყეტილების მიღებისას მოსახლეობას აზრს არავინ ეკითხება და, როგორც უკვე ვთქვი, თავად მოსახლეობაც არ ინტერესდება. არადა, სწორედ მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, შეარჩიოს, თუ რა სჭირდება და როგორ უნდა გადაანაწილონ ბიუჯეტი საერთო კეთილდღეობისათვის. ამის მაგივრად კი, მოსახლეობას წარმოდგენა არ აქვს, სად მიდის და რას ხმარდება ბიუჯეტი, ფული, რომელიც ხალხს ეკუთვნის და ხალხივე უნდა განსაზღვრავდეს, თუ როგორ და რა პროექტებზე დაიხარჯოს.

ზუსტად ამიტომაა საჭირო დეცენტრალიზაცია – დეცენტრალიზაცია არის ის ერთადერთი წამალი, რომელიც გადაჭრის არსებულ პრობლემებს და აამაღლებს ხალხის ჩართულობას ადგილობრივი საკითხების მოგვარებაში. ადგილობრივი თანამდებობის პირები კი ანგარიშვალდებული გახდებიან მოსახლეობის წინაშე. 

დაბოლოს: ცენტრში უნდა გაიგონ, რომ დეცენტრალიზაცია არ არის  სეპარატიზმი, პირიქით, პრობლემის ცივილიზებული მეთოდებით მოგვარების ქმედითი მექანიზმია.

თუ კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობები არ არიან ჩართული ქვეყნის იმ ნაწილის მართვაში, სადაც ცხოვრობენ, მაშინ რომელ თვითმმართველობაზეა საუბარი?!

სამწუხაროა, რომ არცერთმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ჩვენი მდგომარეობა, არ გაითვალისწინა ხალხის ნება და ექსპერტების მოსაზრებები, ყოველთვის გამოიყენა ეთნიკური უმცირესობები ისე, როგორც უნდოდა, ამჯობინა, რომ ყოფილიყო ცენტრალიზებული მმართველობა, რითაც სწორედ კლანური მმართველობის გაძლიერებას შეუწყო ხელი და ამით კიდევ უფრო დააშორა საქართველოს ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეები საკუთარ ადგილობრივ თვითმმართველობას.

მომზადებულია პროექტის – “საზოგადოებრივი კამპანია “თვითმმართველობის დროა” – ფარგლებში”