გორის მერმა 2019 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა (ვიდეო)

190

გორის მერმა ტელეკომპანია “თრიალეთის” პირდაპირ ეთერში 2018 წელს განხორციელებულ და 2019 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, მერიამ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი სახელმწიფო ფონდებიდან 92%-ით, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 91% – ით აითვისა.

მისივე თქმით, 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის 54%-ი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა.

“გზები, გარეგანათება, საბავშვო ბაღების, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია – ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარზე მეტი თანხა გადანაწილდა.

ჯამში განხორცილდა 27 კმ გზის სრული რეაბილიტაცია. აქედან 18 კმ მუნიციპალიტეტის სოფლებზე მოდის, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. სათემოში, ციცაგიაანთკარში, თორტიზაში, მეღვრეკისში, კვარხეთში, მერეთში, კოშკაში, გუგტიაანთკარში, ხვითსა და საქაშეთის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას გზებთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეაწუხებს.

გორში კეთილმოეწყობა  სამების, ნინოშვილის, თბილისის, მარაბდელის ქუჩა, გაბაშვილის, თრიალეთის, ატენის, რომელაშვილების (მონაკვეთი), თოიძის, გოგებაშვილის (მონაკვეთი), დავითაშვილის, მამარდაშვილის, ჩოდრიშვილის, მეჯვრისხევის, აბრამაშვილის, კოსტავას, ყაზბეგის, ევდოშვილის, ჯუღაშვილის ქუჩები, სტალინის გამზირი (მონაკვეთი), სამხატვრო სკოლისა (3040 კვმ) და საკათედრო ტაძრის (4636 კვმ) მიმდებარე მოედნები”, – აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

მერის განცხადებით, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, 2019 წელს კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მოასფალტდება შიდა გზები. მისივე თქმით, აღნიშნულ ჩასახლებაში რეაბილიტირდება ასევე საკანალიზაციო ქსელი და მოეწყობა გამწმებდი ნაგებობა. სამუშაოების ღირებულება ჯამში 5 მილიონამდე ლარს შეადგენს.

“ასევე , მიმდინარე წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით  გორგასლის, კახნიაშვილის, ბარნოვის (მონაკვეთი) ქუჩებისა და სუხიშვილის ქუჩის პარალერული შიდა კვარტალური გზის, მეჯვრისხევი – ახალუბნის, დიცი-ქორდი-არბო-მერეთის, ტირძნისი-თერგვისი-ბუჟღულაანთუბნის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია იგეგმება. ამასთან, ნადარბაზევში, ყელქცეულში, ზეღდულეთსა და არაშენდაში იგეგმება სასმელი წყლის სისტემის, ხოლო ელექტროფიკაციის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა. მომავალ წელს ჭონქაძის ქუჩაზე აშენდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობა.

მიმდინარე წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით იგეგმება მეჯვრისხევის, მეღვრეკისისა და ერგნეთის საბავშვო ბაღების მშენებლობა. ამევე ფონდის დაფინანსებით დაიწყება სამეფო ქუჩის რეაბილიტაციაც გორში.

2019 წელს ადგილბრივი ბიუჯეტის სახსრებით რეაბილიტირდება ქუთაისის (2 მონაკვეთი), ქეთევან წამებულის (მონაკვეთი) ბუხაიძის, შიო მღვიმის, ყიფიანის (მონაკვეთის) გორიჯვრის (მონაკვეთი) ქუჩები და მოეწყობა კოსტავას ქუჩის ტროტუარი. ცხინვალის გხატკეცილიზე, ქვემო და ზემო ნიქოზში, საქაშეთში, თორტიზასა და ქვემო სობისში დამონტაჟდება გარე განათების სისტემები. ხურვალეთში, ბობნევში, ტინისხიდსა და ახალდაბაში მოეწყობა სასმელი წყლის სისტემები. მიმდინარე წელს იგეგმება ასევე, ტყვავის ცენტრიდან სასაფლაომდე და ქვემო ნიქოზში სპეც.დანიშნულების რაზმის ბაზასთან მისასვლელი გზების მოასფალტება. განხორციელდება 4 ქალაქისა და 3 სოფლის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია”, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მერიის ინფორმაციით, გასული სამი წლის განგანსხვავებით, 2019 წელს პროგრამა “სამოქალაქო ბიუჯეტი“ მუნიციპალიტეტის სოფლებსაც მოიცავს.

“უკვე შეირჩა 104 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 710 000 ლარით დაფინანსდება. პროგრამა მოსახლეობას ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობას აძლევს”, -თქვა ტავზარაშვილმა.

ეთერის ბოლოს მერმა გორში ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტზე ისაუბრა, რომელიც ქალაქის ცენტრში, ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით მიმდინარებს.

“2017 წელს ევროკავშირმა გორის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის სახით 1 800 000 ლარი გამოყო. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2 087 991, 36 ლარია, გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 287 991, 36 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები, რომელიც სამ ეტაპად ხორციელდება, 2019 წელს დასრულდება”, – განმარტა კონსტანტინე თავზარაშვილმა.