თბილისის მერმა 2019 წელს განსახორციელებელი პროექტები წარადგინა (ვიდეო)

1054

თბილისის მერმა კახა კალაძემ ის ინფრასტრუქტურული პროექტები წარადგინა, რომელიც 2019 წელს მერიამ დედაქალაქში უნდა განხორციელოს. პრეზენტაციას სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, ბიზნესსექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც პრეზენტაციაზე კალაძემ თქვა, სულ მალე ლისის ტბიდან ჩამომავალი გზის მშენებლობა დაიწყება.

“პირველი პროექტი, რომელიც მინდა წარვადგინო, არის მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დაკავშირება ერთმანეთთან. ეს არის ლისის ტბიდან ჩამომავალი ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკმაოდ ვითარდება ლისის ტბის ტერიტორია და შესაბამისას ასასვლელ-ჩამოსასვლელი გზის გაფართოება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია და გვექნება ახალი გზა, რომელიც 18 მილიონი დაჯდება.

ამ პროექტის განსახორციელებლად ძალიან მალე გამოვაცხადებთ ტენდერს და 2019 წლის ბოლოსთვის სამუშაოები მთლიანად დასრულდება”, – განაცხადა კალაძემ.

შემდეგი პროექტეი, რომელიც დედაქალაქში განხორციელდება, არის გმირთა მოედნის ქვემოთ არსებული გვირაბი, რომელსაც კალაძის თქმით გაკეთების შემდეგ არანაირი რეაბილიტაცია არ ჩატარებია. აღნიშნულ გვირაბში გამავალი გზის რეაბილიტაციისთვის 3,8 მილიონი ლარი დაიხარჯება.

“ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ქალაქმა, მოსახლეობამ და მუნიციპალიტეტმა, რომ მოვაგვაროთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა. დავიწყეთ გარკვეული რეგულაციების შემოღება და გავამკაცრეთ არსებული რეგულაციები სამშენებლო სფეროს მიმართულებით. ასევე, ძალიან დიდი ყურადღებას ვაქცევთ მწვანე სივრცეების შექმნას და ჩვენი მხირდან, ამ ერთი წლის განმავლობაში, არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა მწვანე სივრცეებისა სპორტული მოედნების ხარჯზე, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ გავუფრთხილდეთ არსებულ მწვანე სივრცეებს და ამასთან, შევქმნათ ახალი.

გენგემაშიც არის გაწერილი, რომ აუცილებელია საქალაქო პარკების მშენებლობა და ერთერთი არის დიღმის ჭალების პარკის მშენებლობა, რომლისთვისაც 11 620 192 ლარი დაიხარჯება. ეს არის ორწლიანი პროექტი. მის განხორციელებას 2019 წელს ვიწყებთ. პროექტი უკვე არსებობს და უახლოეს დღეებში მშენებლობაზე გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას”, – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, 2019 წელს განსახორციელებელ პროექტებს შორის სოფელ დიღომში მოსაწყობი საკანალიზაციო სისტემა (3 მილიონი ლარი), მუხიანის აგარაკებში საკანალიზაციო ქსელის ეტაპობრივად მოწყობა (1,9მილიონი), მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ვარკეთილში (12 მილიონი), კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია (45 მილიონი),  ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია (10 მილიონი),  ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაცია (4,9 მილიონი), უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის(ბაგები) დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა (20-30 მილიონი), მდინარე გლადნულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია (4 მილიონი), დიდ დიღომში მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა (12 მილიონი),  გზაგამყოფი კუნზძულების რეაბილიტაცაი (753 773 ლარი), ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია (13 მილიონი), ვაშვლიჯვრის გზაგამტარის მშენებლობა (2,7 მილიონი), მშრალი და საარბრუკენის ხიდების და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია (9,9 მილიონი), ფიროსმანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები (50 მილიონი), გუდიაშვილი- ფურცელაძის სარეაბილიტაციო სამუშაოები (45 მილიონი) და გორგასლის სანაპიროს განვითარება (110 მილიონი) მოხვდა.