პროკურორი: წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე ცდილობდა ქრთამის აღება შეენიღბა

993

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

“ბრალდებული გრიგოლ ივანეიშვილი ცდილობდა შეენიღბა ქრთამის აღება, თითქოს, ეს იყო სესხის ხელშეკრულება. რეალურად, არანაირ სესხის აღებას ადგილი არ ჰქონდა და ეს იყო ფიქტიური, მოჩვენებითი გარიგება, თითქოს სესხს იღებდა”, – განაცხადა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა.

როგორც ის განმარტავს, ვაკის გამგებლის მოადგილისთვის ცნობილი იყო დანაშაული, თუმცა, მას ამისთვის ხელი არ შეუშლია და არც სამართალდამცავები ჩაუყენებია საქმეში.

პროკურორი აცხადებს, რომ სახელმწიფო ბრალდებას საქმეში ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები მოეპოვება.

“სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რადგან მოცემულ საქმეზე არსებობს ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელიშეშლის საფრთხე.

ორივე ბრალდებულის მიმართ საქმეში მოიპოვება როგორც ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს თუ როგორ იგეგმება ქრთამის აღება, ასევე ჩანს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ასევე ადასტურებენ ქრთამის აღების ფაქტს. მოწმეები არიან როგორც უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული ბიზნესმენი, ასევე მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.

ბრალდებული გრიგოლ ივანეიშვილი ცდილობდა შეენიღბა ქრთამის აღება, თითქოს, ეს იყო სესხის ხელშეკრულება. რეალურად, არანაირ სესხის აღებას ადგილი არ ჰქონდა და ეს იყო ფიქტიური, მოჩვენებითი გარიგება, თითქოს, სესხს იღებდა.

ჩანაწერებით დასტურდება, რომ ჩოჩუამ იცოდა 16%-ის გამოსყიდვა იმ თანხით მოხდებოდა, რაც ქრთამის სახით არის გადარიცხული. ეს ჩოჩუასთვის ცნობილი იყო, თუმცა, მას ხელი არ შეუშლია აღნიშნულისთვის, დანაშაული დასრულდა და თანხა გადაირიცხა. მას არ შეუტყობინებია, არც სამართალდამცავი ორგანოსთვის, არც მისი უშუალო ხელმძღვანელობისათვის, რომ აღნიშნულს ადგილი ჰქონდა“, – განაცხადა გოზალიშვილმა.

ვაკის გამგებლის მოადგილეს თეიმურაზ ჩოჩუასა და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდათ.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა. ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტო: პირველი არხი