გორის მერიამ 2018 წელს საპატრიარქოს 160 059 ლარი გადაურიცხა

740

2018 წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან საპატრიარქოს 160 059 ლარი გადაურიცხა, – ამის შესახებ გასული წლის ბიუჯეტის შესრულებაში წერია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, გორის მერიამ რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობისთვის 200 000 ლარი გაწერა. წლის ბოლოს დაჯამებული მონაცემებით კი, ამ თანხიდან 39 941 ლარი გაუხარჯავი დარჩა.

“ეს მუხლი გულისხმობს რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობას. გასულ წელს გვქონდა ეს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მე-19 საუკუნამდე აშენებული საგანძურისა და რელიგიური კერების-ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის თანადაფინანსებას. ამისთვის რელიგიურ ორგანიზაციას უნდა წარმოედგინა სათანადო გეგმა-პროექტი და უნდა დაესაბუთებინა, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მხრიდან ეს მხარდაჭერა”, – განმარტავენ მერიაში.

უწყების ცნობით, 2018 წელს მერიას სათანადო განაცხადით, მხოლოდ საპატრიარქომ მიმართა და სხვადასხვა ობიექტების რეაბილიტაციისთვის თანადაფინანსება ითხოვა. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი წლის მანძილზე ამ მოთხოვნით მერიას მხოლოდ ერთმა რელიგიურმა ორგანიზაციამ მიმართა, გაცემული თანხაც 160 059 ლარის ოდენობით, მხოლოდ საპატრიარქოს ანგარიშზე ჩაირიცხა.