თენგიზ ჯგუშიას ზუგდიდის მერობა სურს (ვიდეო)

1028

წინა სტატია

მოძრაობა “სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა, თენგიზ ჯგუშიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადაა ზუგდიდში, მაისში დანიშნულ მერობის რიგგარეშე არჩევნებში კენჭი იყაროს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ზუგდიდში კორუფციის ბრალდებით მერი დააკავეს, “ქართულ ოცნებას“ არ აქვს მერის არჩევნებში კანდიდატურის დასახელების უფლება. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია კანდიდატურას წარადგენს ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

“თუ “ოცნება“ კიდევ იკადრებს და ზუგდიდში მერობის კანდიდატს წარადგენს, ეს იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლის იქითაც მოსახლეობასთან პასუხისმგებლობის ვექტორის მიმართულებით კატასტროფული მდგომარეობაა.

მე არ მქონდა გეგმაში მერობის არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა, არ ვმალავ, რომ ვემზადებოდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. როგორც სამოქალაქო მოძრაობა “სამეგრელოს ხმის“ ლიდერს, მაქვს ამის დაკვეთა ხალხისგან, მაგრამ შეიძლება ამ გეგმებში კორექტივები შევიდეს, იმ შემთხვევაში, თუ “ოცნება“ აკადრებს ზუგდიდს და ისევ მასირებული შეტევით დააყენებს მერობის მორიგ კანდიდატურას“, – განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი, ლაშა გოგია და გია გულორდავა დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცემერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.