კოკა კიღურაძე: ცენტრიდან, თბილისიდან, 3700 სოფლის პრობლემის მოგვარება შეუძლებელია

870

“აჭარის სოფლების პროგრამიდან ამოღება და დანარჩენ საქართველოში მთელი რიგი სოფლების გამორჩენა ნათლად აჩვენებს იმას, რომ ცენტრიდან, თბილისიდან არ შეიძლება ამ პროგრამის განხორციელება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, თავისი არსით, არის იმ პრობლემების საპასუხოდ გამოგონილი პროგრამა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მოქალაქეების ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენას და გადაწყვეტას. ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენა-გადაწყვეტისთვის კი ამ ქვეყანას გააჩნია ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი თვითმმართველობების სისტემა – მუნიციპალიტეტები”, – ამის შესახებ კოალიციის “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” წევრმა, კოკა კიღურაძემ აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შეფასებისას განაცხადა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, თუნდაც 40 მილიონი გახდეს, თუნდაც წესები შეიცვალოს, უფრო გამარტივდეს და მოსახლეობაზე უფრო მეტად მორგებული გახდეს, ამან შეიძლება ოდნავ გააუმჯობესოს სიტუაცია, მაგრამ საბოლოოდ, იმ მიზანს, რასაც ემსახურება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – სოფლად მიგრაციის შემცირებას და უკეთესი პირობების შექმნას ვერ ემსახურება, სწორედ იმიტომ, რომ ცენტრიდან, თბილისიდან, 3700 სოფლის პრობლემის მოგვარება და ამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა წარმოუდგენელია. დემოკრატიული სამყარო დიდი ხანია მივიდა იმ აზრამდე, რომ ამგვარი კომპეტენციები ადგილობრივი ხელისუფლებისაა და ადგილობრივი ხელისუფლებაა სწორედ ის ხელისუფლება, რომელსაც რეალურად შეუძლია ამ პრობლემების გადაწყვეტა”, – თქვა კიღურაძემ.

კიდევ რა შენიშვნები და მოსაზრებები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით, ნახეთ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში – ”მთავარი აჭარაში”.