წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს და ვაკის გამგებლის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდათ

847

წინა სტატია

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და ქრთამის აღების დახმარებაზე დაკავებული მაღალჩინოსნებს – წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს და ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.

ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში“, – ნათქვამია აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ივანეიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს ქრთამი არ აუღია და მას ამ თანხაზე სასესხო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. “წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ჩარიცხული 250 000 ლარი გრიგოლ ივანეიშვილმა სესხად აიღო. არსებობს ნოტარიულად გაფორმებული სესხის ხელშეკრულება”, – აცხადებს ადვოკატი.