მაგდა პოპიაშვილი: თუ დეცენტრალიზაციის პროცესს ვიწყებთ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ცენტრალიზებული ფორმა უნდა გადაიხედოს

1341

“თუ დეცენტრალიზაციის პროცესს ვიწყებთ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ცენტრალიზებული ფორმა უნდა გადაიხედოს”, – ამის შესახებ კოალიციის “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” წევრმა, მაგდა პოპიაშვილმა რადიო “იმედის” ეთერში განაცხადა.

“თუ დეცენტრალიზაციის, თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების გაზრდისა და ფინანსების გადაცემის კუთხით შევხედავთ ამ პროგრამას, ცხადია, ის უნდა გადაიხედოს. ჩვენ ვითხოვდით, რომ პროგრამა აღდგენილიყო, თუმცა, როდესაც დღის წესრიგში დგება უკვე დეცენტრალიზაციის საკითხი, რომელზეც აგვისტოდან მოყოლებული ვმუშაობთ, სტრატეგიას ვწერთ და ჩვენმა კოალიციამ საკუთარი წინადადებები მთავრობას უკვე გაუგზავნა, ვფიქრობ, პროგრამის ამ ფორმით დატოვება სწორი არ იქნება”, – ამბობს პოპიაშვილი.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეა, ამიტომ ამგვარი პროექტების მუდმივად ცენტრალური ბიუჯეტიდან სუბსიდირება დეცენტრალიზაციის სულისკვეთებას არ პასუხობს.

“არ შეიძლება, სამინისტრო და მთავრობა მუდმივად 5 და 10-ათასიან პროექტებს აფინანსებდეს ცენტრიდან და მუნიციპალიტეტებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი თანხებით განახორციელონ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები მაინც. კარგი იქნება, თუ მთავრობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამას წლობით კი არ გააგრძელებს და ფინანსთა სამინისტროდან გამოყოფილი თანხებით კი არ მოაწესრიგებს სოფლად ინფრასტრუქტურას, არამედ თავად მუნიციპალიტეტებს გაუჩენს იმდენ ფინანსებს, რომ თავად შეძლონ პროგრამების განხორციელება. კარგი იქნება, თუ დეცენტრალიზაციის პროცესში ამ პროგრამის თანხები გადავა მუნიციპალიტეტებში და მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესაბამისად, თავად მუნიციპალიტეტები განახორციელებენ პროექტებს, ჩართავენ მოსახლეობას, მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს და ერთადვე განახორციელებენ მას. ეს უფრო სამართლიანია და ეთანადება ადგილობრივი თვითმმართველობის არსს, თვითმმართველობის კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას” – ამბობს მაგდა პოპიაშვილი.

კიდევ რა შენიშვნები და წინადადებები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით, ნახეთ რადიო “იმედის” გადაცემაში – “მთავარი თემა მთავარ სტუმართან ერთად”.