ბათუმში წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეების დახლები და ჯიხურები აიღეს

1064

ბათუმში წერეთლის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია უკანონო გარემოვაჭრეების დახლებისგან გათავისუფლდა.

მერიის ინფორმაციით, გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ თავიანთი საქმიანობა მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე გააგრძელონ, სადაც მათთვის 180 კეთილმოწყობილი დახლია გამოყოფილი. როგორც მერიაში აცხადებენ გარემოვაჭრეების ნაწილმა უკვე დაიწყო ახალ ადგილებზე საქმიანობა.

“ქაოტურად მოწყობილი უკანონო გარევაჭრობა მუდმივად იწვევდა სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვასა და ანტისანიტარიას, რაც წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.

ბათუმის ქუჩების უკანონო გარევაჭრობისგან გათავისუფლების მიზნით მერიამ არაერთი თანმიმდევრული ღონისძიება განახორციელა და გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადასვლა არაერთხელ შესთავაზა.

უკანონოდ დაკავებული ტერიტორიის ნებაყოფლობით გათავისუფლებისა და მერიის მიერ შეთავაზებულ ფართში (გოგოლის ქ. #1) გადასვლის შემთხვევაში, მერია გარემოვაჭრეებს 3 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად, კომპენსაციის სახით 200 ლარს სთავაზობდა. ასევე, შეთავაზებული იყო კეთილმოწყობილი სავაჭრო დახლები და დახურული სავაჭრო ჯიხურები, ადგილზე მისასვლელი ავტობუსის გამოყოფა და ახალი ბაზრობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაში დახმარება, რასაც გარემოვაჭრეები არ დათანხმდნენ.

უკანონო გარემოვაჭრეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა. გარემოვაჭრეებმა მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადასვლა მოითხოვეს, შემდეგ კი ამაზეც უარი განაცხადეს .

მერიის მხრიდან ყველა შესაძლო რესურსი იქნა გამოყენებული საკითხის გარემოვაჭრეებისთვის უმტკივნეულოდ გადაჭრისთვის, ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით”, – განმარტავენ ბათუმის მერიაში.