“კავშირი მოქალაქეებს და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის ძალიან სუსტია“

219

სტატია მომზადებულია “გურიანიუსის” მიერ

ქალაქ ოზურგეთში, საკრებულოს სააქტო დარბაზში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვა მოეწყო.

პროექტის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ როსებაშვილმა ისაუბრა.

მისივე თქმით, სამინისტრომ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო მუშაობა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესამუშავებლად:

“ამ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციები. ვაპირებთ, სწორედ მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციების შედეგად მიღებული მოსაზრებები ავსახოთ დოკუმენტში და გავაგრძელოთ შემდეგ პროცესი. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და დოკუმენტის დამტკიცებამდე მუდმივ რეჟიმში გვექნება კონსულტაციები მუნიციპალიტეტებთან”, – თქვა ნიკოლოზ როსებაშვილმა.

ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი გრიგოლ მახარაძე ამბობს, რომ კავშირი მოქალაქეებს და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის ძალიან სუსტია:

“მისასალმებელია, რომ მთავრობა დეცენტრალიზაციის საჭიროებასა და აუცილებლობაზე ღიად საუბრობს, დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობს და რეგიონებში განხილვებს ატარებს, მაგრამ, ჩემი აზრით, სტრატეგიის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეების, ამომრჩევლების წინაშე გახდეს ანგარიშვალდებული. დღეს ეს კავშირი მოქალაქეებს და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის ძალიან სუსტია.

ეს სტრატეგია საერთოდ არ ეხება ამის გამომწვევ ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა, მაგალითად, მუნიციპალიტეტების ზომა, ან საკრებულოების არჩევის წესი და ძალიან ზედაპირულად ეხება თვითმმართველობაში მონაწილეობის საკითხებს. ამიტომ, ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, უფრო ფართო განხილვები ჩატარდეს არა მხოლოდ მერების და საკრებულოების, ან თუნდაც არასამთავრობოების მონაწილეობით, არამედ რიგითი მოქალაქეების დონეზე, რომ მართლაც ისეთი სტრატეგია შემუშავდეს, რომელიც მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს”.

“საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” აღმასრულებელი დირექტორის ლევან ხინთიბიძის მოსაზრება დეცენტრალიზაციაზე ასეთია:

“კარგი ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან, როდესაც წარმოდგენილია თვითმმართველობის სტრატეგია, ასევე, ზოგადი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი თვითმმართველობები გვჭირდება და რა არის იმ გამოცდილების ნაკლი, რომელიც დღევანდელ დღემდე მოვიდა.

რაც შეეხება სტრატეგიის დოკუმენტს, რომლის განხილვა რეგიონებში მიმდინარეობს, გეტყვით, რომ ბუნებრივია, საჭიროა ბევრი მექანიზმის დახვეწა. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება სამოქმედო გეგმა, თუ როგორ მიიღწევა ის კონკრეტულ მიზნები და ამოცანები, რა მიმართულებითაც ეს დოკუმენტია წარმოდგენილი. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ დოკუმენტი და ზოგადი დეკლარირება დაკავშირებული იმასთან, რომ თვითმმართველობას სჭირდება მხარდაჭერა და სუბსიდირება, არამედ იმის გარკვევა, როგორ გახორციელდება ეს პროცესი”.

კოალიცია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” ექსპერტი ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოახდინოს ქონების გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის და გაყოს საშემოსავლო გადასახადი იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებს მიეცეთ ეკონომიკური აქტივობის მოტივაცია:

“ყოველ შემთხვევაში მდგომარეობა გვაქვს ასეთი, მთავრობამ სტრატეგია უნდა შეიმუშავოს და აქვთ სურვილი, დეცენტრალიზაცია გახორციელდეს. ბუნებრივია, ყოველნაირად ვცდილობთ, გამოყენებული იქნას ეს შესაძლებლობა. სამუშაო ჯგუფებში აქტიური მუშაობა მიდის და ჩვენმა კოალიციამ წარადგინა თავისი ვარიანტი ფინანსური გათვლებით, ქონების გადანაწილების სქემებით, ანუ მთელი პროცესი გვაქვს გაწერილი, თუ რა და როგორ უნდა წარიმართოს. სამინისტროში მაინცდამაინც არგუმენტებით ვერ დაგვიპირისპირდნენ, გვითხრეს, რომ ეს პრინციპები მისაღებია და ასე უნდა გაკეთდეს, მაგრამ, ამას სჭირდება დრო და შესაბამისად, ჩვენ ვეცადეთ ეს ყველაფერი გაგვეწერა 2025 წლამდე.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ, როდესაც რეგიონებში გასვლამდე სამინისტრომ პროექტის მეორე ვარიანტი გამოაგზავნა, ბევრი ცვლილება, რომელზეც თითქოს შეთანხმებული ვიყავით, გათვალისწინებული არ ჰქონდათ.

პირველ რიგში, ეს ეხებოდა საშემოსავლო გადასახადების ზიარ გადასახადად გადაქცევას, ასევე, იმას, რომ საშემოსავლო გადასახადის ამოღება მომხდარიყო ფიზიკური პირების რეგისტრაციის მიხედვით, რომ გათანაბრებითი ტრანსფერის ფონდის პროცენტი დადგენილიყო მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ეს შეთანხმება, ჯერჯერობით, ასახული არ არის.

რაც შეეხება შეხვედრებს, მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში. მერებმა, ექსპერტების გამოსვლის შემდეგ, ფაქტობრივად, დაადასტურეს ჩვენი პოზიციის სისწორე, ანუ ის, რაც ეხება ქონების გადაცემას, ფინანსურ უზრუნველყოფას. ეს საკითხები ყველგან მწვავედ დაისვა მერების მხრიდან და ცოტა მოულოდნელიც აღმოჩნდა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის, მაგრამ, ფაქტია, რომ დეცენტრალიზაციის პროცესის დაწყების მომხრე არიან თვითმმართველობის წარმომადგენლები.

სამინისტროს წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ ისინი მზად არიან, ის რეკომენდაციები, რაც ამ ეტაპზე გავეცით, აისახოს სტრატეგიაში”, – თქვა ირაკლი მელაშვილმა.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.