რა უშლის ხელს ზუგდიდში ტურიზმის განვითარებას? (ვიდეო)

980

ზუგდიდში მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. რა პერსპექტივა აქვს ამ მიმართულების განვითარებას,  რა პრობლემები აფერხებს პროცესს და როგორ უნდა იქცეს ქალაქი ვიზიტორებისთვის მიმზიდველად, ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რომელიც დისკუსიაზე განიხილეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

შეხვედრის მონაწილეებმა მთავარ პრობლემად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა – გზები, საზოგადოებრივი საპირფარეშოები და ცალკეულ კომპონენტში მარკეტინგული მდგომების სიმწირე დაასახელეს და აღნიშნეს, რომ პრობლემის მოგვარება კომპლექსურად უნდა მოხდეს.

ზუგდიდის მერიაში ტურიზმის განყოფილების ბიუჯეტი 20 ათასი ლარია. განყოფილების უფროს კონსტანტინე წიფურიას ინფორმაციით, თებერვალსა და მარტში ზუგდიდის მუნიციპალიტეტზე გზამკვლევი წიგნის გამოცემას გეგმავენ. ასევე, საინფორმაციო დაფების განახლებას და ახალგაზრდობის ექსკურსია-ტურებზე გაყვანას აპირებენ. ამასთან, მისივე ინფორმაციით. მონაწილეობას მიიღებენ “ექსპოჯორჯიას“ ღონისძიებაზე.

როგორც კონსტანტინე წიფურიამ განმარტა, საზოგადოებრივ საპირფარეშოებთან დაკავშირებით ადგილები ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაუგზავნეს და მათგან პასუხს ელოდებიან.

შეხვედრის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ტურიზმის განსავითარებლად პრობლემები არსებობს და რომ ამ მიმართულებით ერთობლივი მუშაობა აუცილებელია.