რაბათში სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოაჩინეს (ფოტო)

1517

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ

ავტორი: მარიამ ბარძიმაძე

ახალციხეში, რაბათის დასახლებაში მცხოვრებმა შავაძეებმა რემონტის დროს, ერთ–ერთ ოთახში იატაკის აყრის შემდეგ, სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ შესაბამის უწყებებს არ შეატყობინეს. ნანგრევებს ძეგლთა დაცვის სააგენტო შეისწავლის. 

ციხისძირის ქუჩაზე შავაძეებმა სახლში რემონტის გაკეთება, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაიწყეს.

“ერთ ოთახში ძველი იატაკი რომ ავყარეთ, დაბლა ნანგრევები გამოჩნდა. მე რომ გავთხოვდი და ამ სახლში მოვედი, იმის მერე ჩემი მამამთილისგან ვიცი, რომ დაბლა რაღაც ნანგრევებია, მაგრამ რა იყო არავინ ვიცოდით. ეს რაც გამოჩნდა, ალბათ გვირაბებია, როცა ახალციხეს მტერი შემოესეოდა, მაშინ იყენებდნენ და აქ იმალებოდნენ“, – გვიყვება ოჯახის დიასახლისი ციალა შავაძე.

როგორც თავად ამბობს, ოთახის ქვეშ აღმოჩენილი შენობისთვის ხელი არ უხლიათ, თუმცა ამის შესახებ, არც ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის და არც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის არ შეუტყობინებია. შავაძეებს სახლში საოჯახო სასტუმრო აქვთ და აღმოჩენილ ისტორიულ ნაწილში სტუმრების მისაღებად პატარა სივრცის მოწყობა სურდათ.

“აუცილებლად უნდა დაერეკათ ძეგლთა დაცვის სააგენტოში. არ აქვთ უფლება აქ თვითნებურად რაიმე გააკეთონ, თუ ძეგლს დააზიანებენ, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან“, – ამბობს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი.

შავაძეების სახლის ქვეშ აღმოჩენილი შენობების ფოტოები სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიური ფონდის მცველს ჯუმბერ ჩოხელს ვაჩვენეთ: “ეს, დაახლოებით, მე–18 საუკუნეში აშენებული აბანოა. ამაზე მსჯელობა გუმბათის ხვრელების მიხედვითაც შეგვიძლია, აქედან, სავარაუდოდ, აბანოს ორთქლი გადიოდა. მსგავსი ტიპის აბანო რაბათში კიდევ გვაქვს, ის უფრო დიდია“, – გვითხრა ჩოხელმა.

ახლანდელი ციხისძირის ქუჩაზე რომ ისტორიული აბანოები იყო, ამაზე ახალციხის მკვიდრი, ისტორიკოსი ცირა მესხიშვილიც საუბრობს: “ეგ სახლი ციალა შავაძის მამამთილმა რომ იყიდა, მაშინ ეგ კაცი მუზეუმში მუშაობდა. იმ დროს მეც მუზეუმის თანამშრომელი ვიყავი და მახსოვს, რომ წაგვიყვანა და გვაჩვენა აბანოები. ამის შესახებ მაშინდელ მთავრობასაც მიმართავდა, რომ რესტავრაცია ჩაეტარებინათ სიძველისთვის, თუმცა კომუნისტების დროს ვინ რას გააკეთებდა“.

ციალა შავაძე აცხადებს, რომ მან გასულ წლებში, ქალაქის მერიას იმის შესახებ, რომ მისი სახლის ქვეშ, რაღაც ისტორიული იყო და ყურადღება მიექციათ, არა ერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ: “ამ დრომდე აქ არავინ მოსულა“.

ახალციხის მერიაში კი გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ. “სამხრეთის კარიბჭეს“ ზარის შემდეგ კი ადგილზე მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები გაგზავნეს.

რედაქციიდან შესული ინფორმაციის შემდეგ მონიტორინგის ჯგუფი გამოგზავნა ახალციხეში ძეგლთა დაცვის სააგენტომაც: “იქ მივიდა ჩვენი ჯგუფი, გავაფრთხილეთ მესაკუთრე, რომ თვითნებურად არ დააზიანოს ნაგებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება. მერე გავგზავნით ჩვენი არქეოლოგების ჯგუფს და ისინი განსაზღვრავენ ძეგლის კულტუროლოგიურ ღირებულებას“, – გვითხრეს ძეგლთა დაცვის სამსახურში.