სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დედოფლისწყაროს 6 სოფელში კრება ჩატარდა

696

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საერთო კრებები უკვე ჩატარდა და ადგილობრივმა მოსახლეობამ განსახორციელებელი პროექტიც შეარჩია.

დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედში ადგილობრივებმა რეკრეაციული ზონის, საბავშვო გასართობი ატრაქციონების, საქონლის გადასასვლელი გზის და სასაფლაოს შემოღობვა გადაწყვიტეს.

სოფელ არხილოსკალოში ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და სოფლიდან მინდორში გასასვლელი გზების რეაბილიტაცია აღმოჩნა.

სოფელ ქვემო ქედში კი, სასაფლაოს მოწესრიგება, სოფლის ცენტრში არსებული ვაჟა-ფშაველას ძეგლის რეკონსრუქცია და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა გადაწყვიტეს.

სოფელ სამთაწყაროში ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით გაკეთდება გარეგანათება, მოეწყობა სპორტული დარბაზი, გაკეთდება გმირთა მემორიალი და გაიზრდება წყლის დებეტი.

რაც შეეხება სოფელ ფიროსმანს, აქ მოსახლეობამ რეკრეაციული ზონის კეთილმოწყობა და სასაფლაოს მოწესრიგება გადაწყვიტა. ხოლო, სოფელ საბათლოში სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გამოყოფილი თანხა შიდა გზების მოხრეშვასა და სასმელი წყლის დებეტის გაზრდას მოხმარდება.