ზუგდიდის მერიაში, შესაძლოა, ორი ა(ა)იპ-ი შეიქმნას

632

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გუშინ „სპორტის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა გოჩა ჩიქოვანმა ორგანიზაციის განვითარების გეგმებზე ისაუბრა. მისი პროექტის მიხედვით, ცენტრის ბაზაზე უნდა შეიქმნას 6 სპორტული სკოლა, კომპლექსური სასპორტო სკოლა, ჭადრაკის, ჭიდაობის, საბრძოლო ხელოვნების, ბავშვთა საფეხბურთო და ფიგურული სრიალის სკოლები. ინფორმაციას ლაივპრესია ავრცელებს.

დეპუტატი კონსტანტინე კაკავა გამოვიდა ინიციატივით, რომ ჭადრაკისა და ფეხბურთის სკოლები ცალკე ა(ა)იპ-ებად ჩამოყალიბდეს.

“აღარ მოვყვები ჭადრაკში ჩვენი ქალაქის მიღწევების ისტორიულ წარსულს, ყველამ ვიცით, თუ რა არის ჭადრაკი ზუგდიდისთვის, დღესაც ჩვენი ბავშვები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო დონის ტურნირებში და საუკეთესო შედეგები აქვთ, გარდა ამისა ვქმნით საუკეთესო ინფრასტრუქტურას ამ მიმართულებით. მე მოგიწოდებთ, რომ მას დაერქვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ ჭადრაკის სასახლე“, – მიმართა სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტანტინე კაკავამ.

მისივე თქმით, ბავშვთა საფეხბურთო სკოლის ნაცვლად ა(ა)იპ-ის ჩამოყალიბება სპორტის ამ სახეობის განვითარებას ხელს შეუწყობს.

ახალი ა(ა)იპ-ების შექმნას მიესალმება საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიაც.

“სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, წარმოადგინა თავისი ხედვა თუ როგორ ხედავს ის თავისი ორგანიზაციის განვითარების პერსპექტივებს, მისი პროექტის მიხედვით უნდა იყოს 6 სპორტული სკოლა, მაგრამ გაჩნდა ისეთი მოსაზრებები, რომ ფეხბურთისა და ჭადრაკის სკოლები ჩამოყალიბდეს როგორც ცალკე ა(ა)იპ-ი, მივესალმები ამ ინიციატივას“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

“სპორტის განვითარების ცენტრის“ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფი 28 იანვარს კიდევ შეიკრიბება.