ოპოზიცია აუდიტის სამსახურს ხარაგაულის მერის საქმიანობის შესწავლას სთხოვს

818

წინა სტატია

ხარაგაულის მერის ნიკოლოზ თოფურიძის საქმიანობის შესასწავლად მერიაში აუდიტის სამსახურის შესვლას მოითხოვენ. საკრებულო ოპოზოციურმა ფრაქციებმა “ძალა ერთობაშია“ და “თვითმმართველობა ხალხისთვის“ აღნიშნული მოთხოვნით საკრებულოს წერილობით მიმართეს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ფრაქციის “ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის თორნიკე ავალიშვილის განცხადებით, მერის საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს და ეს ოფიაციალურად უნდა დაზუსტდეს, რის შემდეგაც დეპუტატები მერის იმპიჩმენტს მოითხოვენ.

“ხარაგაულის მერის წარმოდგენილი ანგარიში და ზოგადად, მერის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა საკრებულოს უმრავლესობამაც. მათი თქმით, მერის მუშაობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაუჩნდათ. ეს პრობლემები ხარაგაულში არა თუ 2018 წელს, არამედ კობა ლურსმანაშვილის მერობის დროსაც არსებობდა, მაგრამ აქამდე არაფერი უთქვამთ. ეტყობა, ახლა რაღაც თემებზე ვერ მორიგდნენ და ვერ გაიყვეს, ამიტომ წავიდნენ მერის წინააღმდეგ. ჩვენ ამაზე ადრეც ვსაუბრობდით. ახლა რომ არ გამოგვივიდეს მათი კამპანიის გაგრძელება, ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვთ აუდიტის სამსახური შევიდეს მერიაში და კანონშესაბამისად დაიდოს ოფიციალური დასკვნა. თუ არსებობს ხარვეზები და დარწმუნებული ვართ, არსებობს, ამის შემდეგ მივმართავთ, საკრებულოს მოხდეს მერის იმპიჩმენტი. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა მხარს დაუჭერს, როგორც აუდიტის შესვლის მოთხოვნას, ასევე იმპიჩმენტს, რადგან ნიკოლოზ თოფურიძის მერობის დროს არის კორუფცია და ნეპოტიზმი“, – განმარტა თორნიკე ავალიშვილმა.

ხარაგაულის საკრებულოში ხუთი ფრაქცია და 35 დეპუტატია. მერის იმპიჩმენტს დეპუტატების 1/3-ის თანხმობა ჭირდება.

ნიკოლოზ თოფურიძე მერის პოსტს 2016 წლიდან იჭერს. ის გასულ წელს მერის პოსტზე განმეორებით აირჩიეს.