ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მერის წინააღმდეგ, შესაძლოა, პროკურატურას სარჩელით მიმართოს

842

საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს მერიაში განუცხადა, რომ თბილისის მერი 60 ათასი ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს, რადგან ბაგა-ბაღებისთვის გაწეული კვებითი მომსახურების პროცესში გამოყენებული 4 პროდუქტი – თევზი, ტომატი, ხაჭო და ყველი არ შეესაბამება სახელშეკრულებო ვალდებულებებს, რის გამოც თბილისის მერის წინააღმდეგ პროკურატურისთვის სარჩელით მიმართვას აპირებს.

“დედაქალაქის მერს ჩვენ საჯაროდ მოვთხოვეთ, აქვს თუ არა მას გამბედაობა, 60 000 ბავშვს რომ უხარისხოდ კვებავენ და ეს თავად დაწერეს და ხაბეიშვილს არ მოუგონია. აი, ამაზე რა პასუხს აძლევს თბილისელებს, იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც უხარისხოდ კვებავს და ეს დაწერა თავად.

ვკითხე, თუ აქვს გამბედაობა ეპასუხა საჯაროდ. ნაცვლად იმისა, რომ ეპასუხა, დაცვას მოუხმო ბატონმა კახამ და გამოგვაძევეს მთავრობის სხდომიდან. მას არ აქვს საჯაროდ პასუხი, ჩვენ სარჩელს ვამზადებთ, ვმუშაობდით აქამდეც და მოგვიწევს პროკურატურაში ამ სარჩელის შეტანა, რომელიც მერის პასუხისმგებლობის საკითხს გულისხმობს, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს 60 ათასი ბავშვის ჯანმრთელობას.

აქვე გაგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა ზუსტად 1 წლის წინ, როცა წინა კომპანია გაუშვეს და აბსოლუტურად ლოგიკური იყო, როცა გაუშვეს კომპანია იმიტომ, რომ არც ის ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას კარგად თქვა, რომ ბავშვების ჯანმეთელობას საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებდა, ეს შეგიძლიათ ჟურნალისტებმა ამოიღოთ. ერთ პროდუქტზე იყო საუბარი, ახლა საუბარია 4 პროდუქტზე, რომელსაც თავად მონიტორინგის სამსახური წერს და ხელში ჩაგვივარდა. საუბარია თევზზე, ტომატზე, ხაჭოზე და ყველზე. ამაზე მერიას აქვს პასუხი, რომ თუმე 30 000 ლარით დააჯარიმებენ კომპანიას. ეს ხიდის რეაბილიტაცია ხომ არ არის, საგზაო სამუშაო ხომ არ არის, რომ კომპანია დავაჯარიმოთ და ამით პრობლემა აღმოიფხვრას?! 60 000 ბავშვის ჯანმრთელობას ეხება საქმე და მერი და მერია აცხადებს, რომ თურმე დააჯარიმებენ კომპანიას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.