ცქიტიშვილი: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უკვე 300-ზე მეტი სოფლის კრება ჩატარდა

114

წინა სტატია

ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა “იმედის დილის“ ეთერში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს პროგრამა 15 იანვარს დაიწყო და უკვე 300-ზე მეტი სოფლის კრება ჩატარდა, სულ კი 1 700-მდე კრება გაიმართება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“ყველა სოფელში ადგილობრივების გადაწყვეტილებით შეირჩევა ის პრიორიტეტული პროექტები, რაც მიმდინარე წელს უნდა გაკეთდეს. ძალიან საინტერესო პროცესია, როცა კრების მონაწილეები დისკუსიის რეჟიმში თანხმდებიან რისი გაკეთებაა ყველაზე მეტად საჭირო. მიმართულებების სპექტრი განსხვავებულია, ერთგან გადაწყდა გარეგანათების მოწყობა, სხვაგან – წყალმომარაგების სიტემების რეაბილიტაცია, შიდა გზების, სკვერების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება… ერთ-ერთ კრებაში მეც მივიღე მონაწილეობა და ვგეგმავ კიდევ სხვადასხვა რეგიონის რამდენიმე სოფელში ჩავიდე“,  – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სულ 3 700 სოფელს მოიცავს, საერთო კრებებში  კი პირველ მარტამდე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, რომლის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია,  მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება.