ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის საკითხზე თბილისის მერს ღია წერილით მიმართავენ

1585

სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და რიგითი მოქალაქეები თბილისის მერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით მიმართავენ.

“ბატონო კახა,

მოგმართავთ, ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აქტივისტური ჯგუფების საჩივარი არ მიიღო წარმოებაში; ამასთან, თავის გადაწყვეტილებაში, ის დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონთან შესაბამისი პროცესით გასცა მშენებლობის ნებართვა. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ „ვაკის პარკი არ მოიცავს იმ ტერიტორიას, რომელზეც სადავო აქტების შესაბამისად დადგენილია სასტუმროს მშენებლობა“ და ხაზი გაესვა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის მნიშვნელობას ტერიტორიის განვითარებისა და ტურისტების მოსაზიდად. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აქტივისტურ ჯგუფებს, არ ადგებათ ზიანი პარკში მშენებლობის განხორციელებით.

სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა წარმოადგენს სამართლებრივი ნორმების საჯარო ინტერესის საწინააღმდეგო განმარტებას, საფრთხეს უქმნის გარემოს დამცველთა მიერ ხუთწლიანი ბრძოლის შედეგად გადარჩენილ სამართლებრივ სიკეთეს- პარკის ერთიანობას და მნიშვნელოვან პრეცედენტულ საფრთხეს ქმნის, ამ ტიპის საქმეებისათვის მომავალში.

მიუხედავად სასამართლოს წინააღმდეგობრივი მსჯელობისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მშენებლობის უფლება ვადაგასულია. სამართალწარმოების მიმდინარეობის პარალელურად, მშენებლობის ვადის გასაგრძელებლად დაწყებული წარმოების ფარგლებში, ინვესტორმა ვერ შეძლო დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა და მშენებლობის უფლების ვადის გაგრძელება. ზონალური შეთანხმება მშენებლობის სანებართვო პროცესის ნაწილია. მშენებლობის ვადა, მათ შორის მოიცავს ზონალური შეთანხმების პირობებით განსაზღვრული შენობის კონკრეტულ ვადაში აშენების ვალდებულებას. ვინაიდან, სასამართლოს არ აღუდგენია მშენებლობის ნებართვა, მეტიც, მან უარი თქვა მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერებაზე სამართალწარმოების მიმდინარეობისას, ხოლო ინვესტორმა ვერ შეძლო მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება, ამ ეტაპისათვის, ინვესტორს აღარ აქვს უფლება აწარმოოს მშენებლობა, მათ შორის ზონალური შეთანხმებით განსაზღვრული პირობებით. ამიტომაც, მშენებლობის განზრახვის კვლავ არსებობისას, ინვესტორს მოუწევს ხელახლა მიმართოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და თავიდან გაიაროს მშენებლობის სანებართვო პროცესით დადგენილი ყველა სტადია. თბილისის მერიამ ახალი ნებართვის გაცემის პროცესში უნდა იმსჯელოს იმ ფაქტზე, რომ 2017 წლის ივლისში გაიზარდა ვაკის პარკის საზღვრები და მთელს სივრცეს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამას გარდა, ყურადღება გაამახვილოს კიდევ ერთ ახალ გარემოებაზე, რომ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლით პირდაპირ დამკვიდრდა მოქალაქეთა უფლება, ისარგებლონ საჯარო სივრცით.

ვაკის პარკში სასტუმროსა და სხვა ნებისმიერი ტიპის ნაგებობის განთავსება, მიუღებელია ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობისათვის. საკითხის მიმართ ამგვარი მიდგომა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქალაქის უამისოდაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ეკოლოგიურ გარემოს, უგულებელყოფს საზოგადოების მოთხოვნას და შექმნის საზიანო პრეცედენტს მომავალში ეკოსისტემური სერვისების დაცვისა და განვითარების პროცესისათვის. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სადავო ტერიტორია ვაკის პარკის საზღვრებშია, წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას და მასში მშენებლობის დაშვება, ეწინააღმდეგება კანონსა და საჯარო ინტერესს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია მშენებლობის ნებართვის ხელახლა მისაღებად, ინვესტორის მოთხოვნაზე უარის თქმით, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ეს საკითხი.

ვინაიდან, საჯარო განცხადებების თანახმად, თქვენ ეწინააღმდეგებით პარკში მშენებლობის წარმოებას, აუცილებელია საზოგადოებასთან ერთად შეჯერდეთ ხელახალი მშენებლობის ნებართვაზე უარის სამართლებრივ არგუმენტაციაზე და განსაზღვროთ სადავო ტერიტორიის ქალაქისათვის დაბრუნების სამართლებრივი ფორმა.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე,  ვაკის პარკის მხარდამჭერი საზოგადოება გთხოვთ, თქვენი დასწრებით გაიმართოს საჯარო შეხვედრა, სადაც შევათანხმებთ მშენებლობის ახალ ნებართვაზე უარის სამართლებრივ არგუმენტებს, ასევე ვიმსჯელებთ სადავო ტერიტორიის ქალაქის საკუთრებაში დაბრუნების სამართლებრივ პერსპქეტივებზე.”

პატივისცემით,

პარტიზანული მებაღეობა- თბილისში; “მწვანე ალტერნატივა“; “იარე ფეხით“; “ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“; “ჩემი ქალაქი“- ქალაქის გულშემატკივართა და ქალაქზე მზრუნველთა ერთობა;”ტფილისის ჰამქარი“;”ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი“; “ურბანული ლაბორატორია“;”ღია საზოგადოების ფონდი“;”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“(EMC);ა(ა)იპ “მომავლის ქალაქმგეგმარებელთა რეალური ლაბორატორია, თბილისი“; “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“;

ზურაბ ბაქრაძე, ქალაქმგეგმარებელი; ლევან კალანდარიშვილი, არქიტექტორი; თამარ ამაშუკელი, ხელოვნებათმცოდნე;ცირა ელისაშვილი, ხელოვნებათმცოდნე; ერეკლე ურუშაძე, სამოქალაქო აქტივისტი; თამარ უგუზაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი;ნანა ბიგანიშვილი, ჟურნალისტი; მერაბ კეჩხოშვილი, სამოქალაქო აქტივისტი; სალომე კვარაცხელია, სამოქალაქო აქტივისტი; დიმიტრი მაისურაძე, სამოქალაქო აქტივისტი; სიმონ ბითაძე, სამოქალაქო აქტივისტი; დანიელ ქართველიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი; სანდრო ებრალიძე, სამოქალაქო აქტივისტი; ბექა მეძმარიაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი; ანდრია გოგიბედაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი; შალვა ჩუგუნაძე, სამოქალაქო აქტივისტი”, – ნათქვამია ღია წერილში.