ახალციხის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელეს

789

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წელს რიგით პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომას 22 დეპუტატი ესწრებოდა. სხდომაზე დეპუტატებმა 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

აღნიშნული ბიუჯეტი 2018 წლის 28 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე 15 900 000 ლარით განისაზღვრა, თუმცა მასში შესული ცვლილებების შემდეგ, თანხა გაიზარდა და ჯამში 22 492 985 ლარი შეადგინა. აქედან 5 261 985 ლარი სახელმწიფო დაფინანსებაა ხოლო 17 231 000 ადგილობრივი ბიუჯეტია.

როგორც საკრებულოში განმარტეს, 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტები ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებია. მათგან ხუთი პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ესენია: მრავალბინიანი ბინების რეაბილიტაცია, სახურავების სადარბაზოების და ფასადების რეაბილიტაცია – 1 310 986 ლარი; წინუბანი–გურკელის სავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 852 139 ლარი; ტყემლანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 463 742 ლარი; ნაოხრების გზის რეაბილიტაცია – 231 820 ლარი;  ზემო სხვილისის გზის რეაბილიტაცია – 85 068 ლარი.

“რეგიონული ფონდის თანხებში ასახულია ხუთი პროექტი, რომლებზე ტენდერები შეიძლება დღესაც დაიდოს. ამ პროექტებიდან წინუბნის გზის რებილიტაციისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილა 852 138, თუმცა თანადაფინანსებაში ადგილობრივი ხელისუფლებაც შედის”, – განმარტავს საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძემ.

გარდა ამისა, ბიუჯეტში გაწერილი თანხები ასევე, წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაციისთვის, სასაფლაოების მოწყობა–დასუფთავების ღონისძიებებისა და კულტურული დაწესებულებების გაერთიანების შენობა–ნაგებობის რეაბილიტაციისთვისაც გაიწერა.

საკრებულოში განმარტეს, რომ ამ წლის ბიუჯეტს წინა წლის ბიუჯეტის ნაშთიც დაემატა.

გარდა 2019 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებებისა, საკრებულოს სხდომაზე ხელშეკრულებით აყვანილი პირების თანამდებობრივი სარგოებიც განისაზღვრა. დეპუტატებმა, მხარი დაუჭირეს სპეცტექნიკის ოპერატორის ვალდებულებებისა და ხელფასის გაზრდას. შესაბამისად, მისი ხელფასი დღიურად 60 ლარის ნაცვლად 70 ლარით გახდა, აღნიშულმა პოზიციამ კი ფუნქცია–მოვალეობების გაზრდის მიხედვით, “ავტოპარკის ზედამხედველის” სახელწოდება მიიღო – “ავტოპარკი სავალალო მდგომარეობაშია და ამ დრომდე ზედამხედველობას მერიის თანაშემწე ასრულებდა. ამიტომ ეს ცვლილება განვახორციელეთ”, – განმარტა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძემ.

ვალდებულებები და ხელფასი 10 ლარით გაეზარდა და დღიურად 70 ლარი გაუხდა სპეცტექნიკა “გრეიდერის” ოპერატორსაც.

სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის, გელა ნოზაძისათვის მძღოლის გამოყოფის თაობაზე იმსჯელეს. დამსწრეთა უმრავლესობამ ცვლილებას მხარი დაუჭირა, საკითხზე 22 დეპუტატიდან თავი მხოლოდ ორმა შეიკავა.

სხდომის ბოლოს კი საკრებულოს წევრებმა რიგგარეშე საკითხზე იმსჯელეს. იგი სამცხე–ჯავახეთის მხარეში შემავალი ექვსივე მუნიციპალიტეტის მიერ ახალი ა(ა)იპ-ის ჩამოყალიბებას ეხებოდა. ა(ა)იპ “სამცხე–ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის” დაფუძნებას მხარი დაუჭირეს.