განათლების მინისტრის მოადგილე: 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტი გასამმაგდა

700

წინა სტატია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოადგილე ნათია ზედგენიძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან გიორგი შენგელიასთან ერთად  განათლების რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებას ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა.

პრეზენტაციაზე  განათლების მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგენიძემ განაცხადა, რომ 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტი გასამმაგდა.

მისი თქმით, განათლების მიმართულებით დაწყებული რეფორმის ფარგლებში სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მიზნით განათლების სამინისტრომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა სისტემური მიდგომა, სრულად შეისწავლა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები და მათი საჭიროებები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულდა 58 სკოლის სარეაბილიტაციო და ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები, რაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა (MCC) დააფინანსა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს თანამედროვე, უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით 8 ახალი საჯარო სკოლა აშენდება, კერძოდ, თბილისის საჯარო (86-ე, 138-ე, 55-ე) და ინკლუზიური (202-ე, 203-ე), ხოლო რეგიონებში თერჯოლის, ტყიბულისა და კასპის საჯარო სკოლები. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) რეგიონებში დამატებით 27 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას დააფინანსებს.

რაც შეეხება სკოლების რეაბილიტაციას, მათი განმარტებით, 2019 წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით (ESIDA) 3 საჯარო სკოლა (ზესტაფონის N1, ოზურგეთის N1, ქ. თბილისის N214), ხოლო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დაფინანსებით 82 საჯარო სკოლა რეაბილიტირდება.

განათლების რეფორმის ფარგლებში 2019 წლის გაზაფხულზე 49 საჯარო სკოლის, ხოლო შემოდგომაზე – 100 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება. ამასთან, ნაწილობრივ განახლდება 31 საჯარო სკოლა.

როგორც მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ განაცხადა, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის საჯარო სკოლებს ექცევა. წელს 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდება, კერძოდ, ტყიბულის N7, სოფელ მუხურას, მარნეულის N1, სოსო ღვინიაშვილის სახელობის ზემო კაჭრეთის, წალენჯიხის სოფელ ეწერის, თბილისის N2, ხაშურის სოფელ ფლევის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნისა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას საჯარო სკოლების.

სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტში 80 მლნ ლარია გამოყოფილი, რომლითაც დაგეგმილია თბილისსა და რეგიონებში განათლებისა და მეცნიერების ახალი ქალაქის და პროფესიული განათლების ცენტრის აშენება, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სკოლებში უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფა.