ცქიტიშვილი: ბაკურიანსა და გუდაურში ინფრასტრუქტურული პრობლემები ქაოტური განაშენიანებით არის განპირობებული

954

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისმაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბაკურიანსა და გუდაურში ინფრასტრუქტურული პრობლემები ქაოტური განაშენიანებით არის განპირობებული. მისი თქმით, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ორივე კურორტისთვის შემუშავებულია გენგეგმა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ბაკურიანსა და გუდაურში ინფრასტრუქტურული პრობლემები, რა თქმა უნდა, არის. ეს პრობლემები, განსაკუთრებით ბაკურიანში, განპირობებულია ქაოტური განაშენიანებით. პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, დამტკიცებული გვაქვს განაშენიანების რეგულირების გეგმები, როგორც ბაკურიანში, ასევე გუდაურში. გეგმა დაგვეხმარება, რომ კერძო ობიექტების შემდგომი მშენებლობები მოხდება გენგეგმის შესაბამისად”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდს შეკვეთილი აქვს ბაკურიანის სატრანსპორტო კვლევა.

“ეს საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ თუ რა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სჭირდება ბაკურიანს, რა სახის სატრანსპორტო მოძრაობის დანერგვა იქნება მიზანშეწონილი ბაკურიანისთვის – გარკვეულ უბნებში მოხდება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლა, თუ მოხდება მოძრაობის სქემის შეცვლა. ამასთან, ბაკურიანში და გუდაურში დაგეგმილია რამდენიმე საზოგადოებრივი პარკინგის მშენებლობა. ბაკურიანთან დაკავშირებით აქტიური გეგმები გვაქვს, რადგან 2023 წელს ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება”, – აღნიშნა მინისტრმა.