ოპოზიცია ქუთაისის მერის იმპიჩმენტს ითხოვს

776

ჭიღვარიას იმპიჩმენტის მოთხოვნით გიგა შუშანიამ, დავით გოგისვანიძემ და სამსონ გუგავამ “ქართული ოცნების “ხელმძღვანელ პირებს მიმართეს.

“ქალაქში განხორციელებული ყველა პროექტი არის ნაკლოვანი, ქუთაისს სჭირდება ნორმალური და ქმედითი ხელისუფლება”, – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სამსონ გუგავამ.

“ქართული ოცნების” მავნებლურ პოლიტიკას, რამაც დააკარგვინა ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, ემატება ის, რომ ვერცერთი დაანონსებული პროექტი ვერ დაიწყო, ერთადერთი რაც დაიწყო არის თეთრი ხიდი და თქვენ ხედავთ რა დამართეს ისტორიულ ხიდს. ჩვენი მოთხოვნაა ეს ადამიანი სასწრაფოდ ჩამოშორდეს ქუთაისის მმართველობას”, – განაცხადა მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.

“ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით გოგისვანიძე კი ფიქრობს, რომ “ქუთაისში კორუფცია ყვავის”.

“ჭიღვარიამ უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს თანამდებობიდან. ასეთ მძიმე ვითარებაში არცერთი მმართველობის დროს ჩვენი ქალაქი არ ყოფილა”, – განაცხადა გოგისვანიძემ.

ოპოზიციის მოთხოვნას და ბრალდებებს ქუთაისის მერმა უპასუხა. გიორგი ჭიღვარიას თქმით, ქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება და ოპოზიციას სწორედ ეს აღიზიანებს.

“მე ვარ ხალხის მიერ არჩეული მერი, ჩვენ ვასრულებთ მოსახლეობის დაკვეთას, ქუთაისი უნდა იყოს ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი. ჩვენ სწორი გზით მივდივართ, ისინი ხედავენ ამას და რელურად არ აწყობთ, რადგან მათ არ სტკივათ ჩვენი ქალაქი.

ჩვენ 2018 წელს 141 ობიექტი დავასრულეთ, შემოდგომაზე კიდევ წამოვიღეთ რეგიონებსი განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებითი თანხა, ახლა მიმდინარეობს სამი ქუჩის რეაბილიტაცია და მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ჩართული ვართ პროცესში. სამივე პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს. 2019 წელს გვაქვს სერიოზული გეგმები, 5 800 000 ლარი უკვე ტენდერზე არის გასული, ასევე დავძარით ისეთი მასშტაბური საკითხები, როგორიცაა რიონის სანაპიროს განვითარება, გალერიის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს ცენტრალური სკვერის პროექტირება, ჩვენ გვექნება ორი ვარიანტი, რომელსაც შევთავაზებთ მოსახლეობას და მოსახლეობა როგორც აირჩევს, იმის მიხედვით გავაკეთებთ. ასე რომ, ჩვენ ძალიან მალე გვექნება წარმატებული ქალაქი და ყველას ვუსურვებ, რომ ამ წარმატებულ ქალაქში ბედნიერად იცხოვრონ“, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.